საზოგადოება
მოსახლეობა წყალმომარაგების კომპანიის წინააღმდეგ
ქალაქ გურჯაანში წყლის მრიცხველების დამონტაჟებისას არ დააყენეს ვანტუზი, რომელიც, მილებში დაგროვილი ჰაერის ავტომატურად გამოდევნას უწყობს ხელს. სწორედ ამის გამო მოსახლეობას არარეალური გადასახადის გადახდა უწევს. როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების გურჯაანის სერვისცენტრში განმარტეს, მისი მონტაჟი კომპანიის ვალდებულა არ იყო. გურჯაანში წყლის გამრიცხველიანების შემდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილებას იმის გამო გამოთქვამს, რომ მრიცხველზე მოხმარებული წყლის ოდენობა არასწორად აღირიცხება. -"წყალს რომ მოვუშვებთ, 15-20 წუთის განმავლობაში ჰაერის ისეთი ნაკადი მოდის, რომ რამდენჯერმე შლანგებიც კი დასკდა. ონკანს გახსნილს ვტოვებთ და სანამ ჰაერი სულ არ გამოიტუმბება, ვერაფერს ვაკეთებთ. პლასტმასის მილები სულ ზანზარებს ხოლმე. წყალს ცოტას მოვიხმართ, მაგრამ ჰაერების გამო, მრიცხველი ძალიან ბევრს წერს," _ გვითხრა შუქო ყორღანაშვილმა. როგორც 9 აპრილზე მცხოვრები ანზორ ყალაბეგაშვილი ამბობს, ის და მისი მეზობლების ნაწილი ძირითადად დაბურღულ წყალს მოიხმარენ, რომელიც უბანში მდებარეობს, მაგრამ გადასახადს მაინც ბევრს იხდიან. -"როგორც კომპრესორით დაუბერო, ჰაერი მილებში ისეთი ხმაურით მოდის. რაც სოჩიკები დადგეს, სულ ამ დღეში ვართ. ძალიან ცუდი სიტუაციაა. ჩვენი ოჯახი ძირითადად დაბურღული წყლით სარგებლობს. რაც სახლში გვაქვს გამოყვანილი, ამ წყალს იშვიათად ვხმარობთ. იმის გამო, რომ ჰაერის გამოტუმბვას დიდი დრო სჭირდება, სოჩიკი ბევრს წერს და გადასახადიც შესაბამისი მოდის." მოსახლეობა ეჭვობს, რომ ეს წყალკანალის მხრიდან მიზანმიმართულად ხდება, რათა მათ ბიუჯეტში უფრო მეტი თანხა შევიდეს. -"მთელი დღე გამოსული ვარ და ვმუშაობ. სახლში არავინ არის, რომ წყალი მოიხმაროს. კვირაში ერთხელ ან ორჯერ მარტო სარეცხის მანქანას ვრთავ. წინა თვეში გადასახადი 20 ლარი მომივიდა. ამდენი წყალი როგორ უნდა დამეხარჯა? მრიცხველი ისე ბზრიალებს, რომ ალბათ მარტო ერთ მოშვებაზე წერს 10 ტონას. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?" _ გვითხრა ქალბატონმა, რომელმაც სახელისა და გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა და იქვე დასძინა. -"ჩემს სიძეს უთხრეს, რომ მრიცხველებზე რაღაც ნაწილი უნდა დაეყენებინათ, რომელიც ამ პრობლემას აღარ შეგვიქმნიდა, მაგრამ 9 აპრილზე არც ერთ ოჯახში არ დაუმონტაჟებიათ, ვიცი, რომ სხვაგანაც ასეა. რა თქმა უნდა, წყალკანალს ეს მდგომარეობა ხელს აძლევს. ალბათ, ეგ ნაწილიც მაგიტომ არ დააყენეს, რომ იცოდნენ, მათთვის სასიკეთო შედეგს მოიტანდა." საკითხის გასარკვევად საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების გურჯაანის სერვისცენტრის მენეჯერს გიორგი ჯაჯანაშვილს დავუკავშირდით. როგორც მან ჩვენთან არაოფიციალურ საუბარში განაცხადა, ეს პრობლემა მისთვის ცნობილია. -"მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ როდესაც წყალი მოვა, 10 წუთის განმავლობაში ონკანი არ მოუშვას. ამ პერიოდში ჰაერის გამოტუმბვა ხდება. მოკლე დროში, როდესაც კორპუსების გამრიცხველიანება მოხდება, გურჯაანს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება და ეს საკითხიც მოგვარდება. ჰაერის გამომტუმბავი კლაპანის "ვანტუზის" დაყენება, რაზედაც მოსახლეობა საუბრობს, ჩვენი კომპანიის კომპეტენციაში არ შედის. თუ მათი სურვილი იქნება, შეუძლიათ შეიძინონ და თვითონ დააყენონ. ამის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდეთ, ვინც სურვილი გამოთქვა, იმან დააყენა კიდეც," _ გვითხრა მან. მის ნათქვამს არ ადასტურებს ადგილობრივი მოსახლეობა და ამბობს, მათთვის მსგავსი ინფორმაცია არავის მიუწვდია. მარინა პეტრიაშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google