საზოგადოება
აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობის პრობლემა მომავალ წელს მოგვარდება
papa da shvilishvili1"პაპა და შვილიშვილის" კარგად ნაცნობ ძეგლს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ადგილი რამდენიმე წლის წინ შეუცვალა. მის ადგილას მხოლოდ კვარცხლბეკი დარჩა. აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლები მის დემონტაჟს და ტერიტორიის გასუფთავებას ითხოვენ. დაახლოებით ოთხი წელია, რაც "პაპა და შვილიშვილი"თავს სწორედ "პაპას ბაღის" შესასვლელთან იწონებს. მოქალაქეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ძეგლის ახლანდელი ადგილი შინაარსობრივად მეტად შეეფერება სკულპტურას. ძეგლის ახალ ადგილმდებარეობას არც იქვე მაცხოვრებლები აპროტესტებენ. მათი პრობლემა ის დანაგვიანებული გარემოა, რომელიც მონუმენტის გადატანის შემდეგ ეზოში შეიქმნა. როგორც ისინი ამბობენ, კვარცხლბეკი, რომელზეც ძეგლი იდგა, ყოველდღიურად იშლება და ცემენტის ნატეხები გროვებად ყრია. -"დიდი ხანია, რაც აქ ასეთი ვითარებაა. ტერიტორიის რაღაც ნაწილი მე დავგავე. ჩემი ბავშვები თამაშობენ და მაწუხებს. არავინ დამინახავს აქ მოსული, ვისაც ევალება, რომ ეს ადგილი დაასუფთავოს,"_ გვითხრა აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებმა ლალი ელიკაშვილმა. -"სამი-ოთხი წელია, რაც ძეგლს ადგილი შეუცვალეს. პაპა რომ წაიღეს, რაზეც იდგა, ის რატომ აღარ გააყოლეს? რისთვის დატოვეს? ან საერთოდ რას გადაიტანეს, მდგარიყო ისევ ამ ადგილას. ამდენი ხალხი, სტუმარი რომ მიდის და მოდის გზაზე და ხედავს რა მდგომარეობაა, რას იფიქრებენ? ჩვენი ეზოს ბედით არავინ ინტერესდება,"_ გულდაწყვეტით აღნიშნავს ნათელა ირემაშვილი. როგორც მოსახლეობა ამბობს, თავად კი ცდილობენ "ნაძეგლარის" ადგილას სისუფთავე შეინარჩუნონ, თუმცა ამას ვერ ახერხებენ, რადგან გზაზე ხშირი მოძრაობაა, გამვლელები კი ქაღალდებს და პოლიეთილენის პარკებს ყრიან. მას ჩამონგრეული ცემენტებიც ემატება, რაც მუდმივად ანტისანიტარიას ქმნის. - "კარგი ეზოა, მოვლილი რომ იყოს. ვცდილობთ, არ დანაგვიანდეს, მაგრამ ყოველთვის აქ ხომ ვერ ვიდგებით "ყარაულებად"? ადგილობრივი ხელმძღვანელობა ყურადღებას არ გვაქცევს. ჩვენი გასაჭირი არავის აინტერესებს,"_ გვითხრა აღმაშენებლის ქუჩის კიდევ ერთმა მაცხოვრებელმა, თუმცა ვინაობის დასახელება არ ისურვა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ავთანდილ ზარდიაშვილის თქმით, მოსახლეობის პრობლემა მომავალ წელს გადაიჭრება. -"ეს ჩვენთვის ცნობილია და ნამდვილად პრობლემატური საკითხია. ვფიქრობთ, მანდ სკვერი უნდა გაკეთდეს, დაახლოებით იმ სტილში, აგვისტოს ომში დაღუპილთა მემორიალი რომ არის, რაც სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე განხორციელდება. სამწუხაროდ, ამ წელიწადში ბიუჯეტში ცვლილების უფლება აღარ გვაქვს. შესაბამისი თანხებიც არ გაგვაჩნია. აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება 2014 წლის ბიუჯეტშია დაგეგმილი. ნებისმიერ სამუშაოს, როგორც აშენებას, ისე დემონტაჟს, ხარჯთაღრიცხვა და თანხა სჭირდება." ავთანდილ ზარდიაშვილის განმარტებით, ადგილობრივი ხელმძღვანელობა იმავე ტერიტორიაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწესრიგებასაც მომავალი წლისათვის გეგმავს. ლანა გულოშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google