განათლება
განათლების ხელმისაწვდომობა - რეალური პრობლემა კაზლარში
"ამხელა მანძილის გამო ჩემმა ზოგიერთმა მეგობარმა სწავლას თავიც კი დაანება. გაკვეთილები ცხრა საათზე იწყება და სახლიდან 8-ის ნახევარზე მაინც უნდა გავიდე, რომ არ დავაგვიანო. ზამთარში ამ დროს, ჯერ ისევ ბნელა... სოფლის გზაზე ცუდ ამინდში უმეტესად ტალახია და კლასში ამოსვრილები მივდივართ. მარშუტკასაც მხოლოდ სკოლიდან მოვყავართ, ისიც ყოველთვის არა," - გვიყვება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის კაზლარის მკვიდრი, მეცხრეკლასელი ქარან მამედოვი.

კაზლარის რვაწლიან სკოლაში, რომელიც სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს, 150 ბავშვი სწავლობს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასკოლო ავტობუსი 2013 წელს დანიშნა, თუმცა ადგილობრივების თქმით, ტრანსპორტი არარეგულარულად ემსახურებათ, რაც ხშირად აიძულებთ არჩევანი განათლებასა და შვილის უსაფრთხოებას შორის, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთონ.
"ჩემი შვილი მეცხრე კლასში გადავიდა და არ ვაპირებდი სასწავლებლად მეზობელ სოფელში გამეგზავნა, მერე შემეცოდა, საშუალო განათლება მაინც ხომ უნდა მიიღოს-მეთქი და ამიტომ დავთანხმდი. ბავშვებს დაუსახლებელ ტერიტორიაზე ოთხი კილომეტრის გავლა უწევთ, ზამთარში 4 საათზე უკვე ღამდება და რომელი მშობელი იქნება გულდამშვიდებით?! სასკოლო ავტობუსი კი დაგვინიშნეს, მაგრამ მძღოლი ზოგჯერ ქორწილშია, ან მანქანა უფუჭდება და ბავშვები საღამოს სკოლიდანაც ვერ მოჰყავს, "- ამბობს რიზვან მამედოვი.

განსაკუთრებით რთული სიტუაციაა, როდესაც საქმე გოგონებს ეხება. იორმუღანლოს თემის მოსახლეობა მკაცრად იცავს ტრადიციებს და ხშირ შემთხვევაში ამ მანძილზე მოზარდების გაგზავნისგან თავს იკავებს. როგორც ადგილობრივი მკვიდრი აფიკ ახმედოვი ამბობს, კაზლარში მცხოვრები გოგონები რვა კლასის შემდეგ სკოლაში თითქმის აღარ დადიან და საშუალო განათლებას ვერ იღებენ.
"ორი შვილი მყავს, ჯერ კი კაზლარში სწავლობენ, მაგრამ მერე ლამბალოში ასეთ შორ მანძილზე როგორ უნდა გავგზავნო, არ ვიცი. ამიტომაც არის, რომ გოგოებს სკოლაში აღარ უშვებენ, თუმცა სწავლა უნდათ."

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება ქვეყნის ხელისუფლებას ზოგადი განათლების ხელმისაწვდომასა და ხარისხის გაუმჯობესებას ცალსახად ავალდებულებს. ამის შესახებ გაწერილია 2015 წლის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში.
საქართველოს ხელისუფლებამ აიღო პასუხისმგებლობა, ცხრაწლიანი განათლება ყველა ბავშვისთვის უფასო და ხელმისაწვდომი იყოს. როგორც "სამოქალაქო განათლების ინსტიტუტის" განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირმა სხვადასხვა სექტორებისთვის შეიმუშავა საგზაო რუკა, სადაც კონკრეტულადაა გაწერილი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, რომ ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვდეს: "ცხადია, მოსწავლეთა ტრანსპორტირება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რადგან ეს უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე შენობის შენახვა."

კაზლარის რვაწლიანი სკოლის ისტორიის პედაგოგი აიათ ისმაილოვა-ალიევა თვლის, რომ თუ ტრანსპორტის საკითხი არ მოგვარდა, მომდევნო წლიდან უფრო მეტ მოსწავლეს ექნება იგივე პრობლემა, როცა სწავლის გაგრძელება ლამბალოს სკოლაში მოუწევს.
მასწავლებლებისა და პედაგოგების განმარტებით, სისტემატიური გაცდენები სწავლების ხარისხზე უარყოფითად აისახება. სწავლების ხარისხი კომპლექსური პრობლემაა და ევროინტეგრაციის გზაზე მისი მოგვარება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

თამარ მოსიაშვილის თქმით, თუ ბავშვი სკოლამდე მისვლას სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებს, რა თქმა უნდა, ეს მისი უფლებების შელახვაა და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება განათლების ხელმისაწვდომობა. "როდესაც გამოწვევებზე ვსაუბრობთ, პირდაპირ აქცენტს ვაკეთებთ ზოგადი განათლების სისტემის დაფინანსებაზე, მასწავლებლის კვალიფიკაციასა და უნივერსიტეტებში მასწავლებელთა მოსამზადებელი პროგრამების ხარისხზე. ამ მხრივ ქვეყნის წინაშე ბევრი გამოწვევაა და საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა".

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, ამ პრობლემის შესახებ მათთვის არავის მიუმართავს.
"კაზლარში დაწყებითი სკოლა ფუნქციონირებს და ის ლამბალოს სკოლას ეკუთვნის. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები სწავლას სწორედ ამ სოფელში აგრძელებენ, მათ ტრანსპორტი ემსახურებათ დილითაც და სკოლის შემდეგაც. ოთხი კილომეტრი არ არის ის მანძილი, რომ ადამიანს სწავლის შეწყვეტა აიძულოს. აქ სხვა რამეზეა საუბარი. როდესაც საბაზო საფეხურს ასრულებენ, რაც სავალდებულოა, წყვეტენ სწავლას. თუმცა სტატისტიკის თანახმად, მდგომარეობა ამ მხრივაც გაუმჯობესებულია. ჩემი ინფორმაციით, ტრანსპორტირების თვალსაზრისით შეფერხება არ ყოფილა, არც პრეტენზია მოგვისმენია. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, უნდა დაგვიკავშირდნენ და გავარკვევთ, რა ხდება."- განმარტეს სამინისტროს პრესსამსახურში.
აღნიშნული თემის მოსახლეობა ენის ბარიერის გამო სახელისუფლებო სტრუქტურებთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს, ამიტომ ცდილობენ საკუთარი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებით მიაწოდონ.



სტატიის აზერბაიჯანული ვერსია


SPEKTRI-XÜSUSİ BURAXILIŞ-pdf

| Print |
FaceBook Twitter Google