განათლება
თელავის უნივერსიტეტში დედაენის დღე აღნიშნეს
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, თესაუ-ში ამ დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს დედაენის დღე მიულოცეს და ქართული ენის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილმა და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგაძემ.


ღონისძიების ფარგლებში, საჯარო ლექცია-,,ენაი შემკული და კურთხეული“- თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, როინ ჭიკაძემ, წაიკითხა. შეხვედრის დასასრულს აჩვენეს ფილმი ქართული ენის ისტორიის შესახებ.

დედაენის დაარსების თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა. ენის ღირსების დასაცავად, თბილისში მასობრივი გამოსვლა მოეწყო. საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომელთა შორის უმრავლესობას სტუდენტები წარმოადგენდნენ, ხელისუფლებისგან საქართველოში ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას მოითხოვდნენ. მთავრობა იძულებული გახდა, დემონსტრანტთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა და ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოეცხადებინა.
| Print |
FaceBook Twitter Google