განათლება
სტუდენტთა მობილობა დაიწყო
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, მობილობით  ისარგებლონ და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ. ამისთვის სტუდენტი შემდეგ ელექტრონულ პორტალზე უნდა დარეგისტრირდეს - www.students.eqe.ge.

2016-2017 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისთვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია  გუშინ დაიწყო და 18 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მობილობის საფასური 40 ლარია.  თანხის  გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატების და ინტერნეტბანკის მეშვეობით. სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენელი სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან.

მობილობაში მონაწილეობას იღებს 63 (სამოცდასამი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. სულ გამოცხადებულია 12 077 ვაკანტური ადგილი.

დაწესებულებები, რომლებიც 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობაში არ მონაწილეობენ:
1. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;
2. სსიპ - ,,დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია”;
3. შპს ამერიკის ბიზნესის აკადემია;
4. შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი

ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილობაში არ მონაწილეობს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო რვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

მობილობის შედეგები  23 აგვისტოს გამოქვეყნდება. დადებითი პასუხის შემთხვევაში სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

| Print |
FaceBook Twitter Google