განათლება
Naec.ge აბიტურიენტებს ბოდიშს უხდის
23 აგვისტოს აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებზე წვდომა ჰქონდათ. სმს-ის საშუალებით, ისინი ინფორმაციას გრანტისა და ჩარიცხვების შესახებ იღებდნენ, თუმცა საბოლოო შედეგები online.naec.ge-ზე არ ასახულა. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია სტუდენტებში, ისინი თვლიან, რომ შეილახა მათი მორალური უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ არასწორი ინფორმაცია მიიღეს, ანგარიშიდან მომსახურების თანხა მაინც ჩამოეჭრათ.
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს იყო სისტემური ხარვეზი. "ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების (ჩარიცხვებისა და გრანტირების შესახებ ინფორმაცია) გამოქვეყნებამდე სავალდებულოა მონაცემების რამდენიმე ეტაპად შემოწმება. ეს პროცედურა ე.წ. წინასწარი ჩარიცხვების განხორციელებასაც გულისხმობს, რომლის შემდეგ რამდენიმე მიდგომით დასტურდება სისტემაში არსებული ყველა მონაცემისა და შედეგის სიზუსტე.

23 აგვისტოს, საღამოს, ამ პროცესის მიმდინარეობისას, მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისის გამორთვამდე, აბიტურიენტები, რომლებიც აგზავნიდნენ საკუთარ კოდს ნომერზე 93333, ქულებთან ერთად იღებდნენ იმ მომენტისათვის სისტემაში არსებულ ინფორმაციასაც. ამის გამო მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი დროებით გაითიშა და აღდგა გათიშვიდან ერთი საათის შემდეგ. ამ ეტაპზე აბიტურიენტები მხოლოდ თავიანთ შედეგებს იღებენ სმს-თ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ბოდიშს უხდის აბიტურიენტებს სამუშაო პროცესში წარმოქმნილი გაუგებრობის გამო და აცნობებს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები მონაცემების დამუშავების დასრულებთანავე, სავარაუდოდ, 25 აგვისტოს გამოქვეყნდება," - ნათქვამია განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google