განათლება
კაზლარის მოსახლეობა სარიტუალო დარბაზის სკოლად გადაკეთებას ითხოვს [Video-Audio]
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის სოფელ კაზლარში მცხოვრები 180 ბავშვისთვის სასწავლო წელი ჯერ არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ 13 ოქტომბერს სოფელ ლამბალოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და კაზლარში მცხოვრებ მოსწავლეებზეც არის გათვლილი, ადგილობრივები ბავშვებს სასწავლებლად მაინც არ უშვებენ.

კაზლარიდან ლამბალოს სკოლამდე 4 კილომეტრია. მშობლების თქმით, ავტობუსი, რომელსაც ბავშვების ტრანსპორტირება ევალება, არარეგულარულად ემსახურებათ.

ისინი ითხოვენ სკოლა კაზლარში არსებულ დარბაზში განთავსდეს, რომელიც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში აშენდა.
„სწავლა უკვე დიდი ხანია დაიწყო, მაგრამ ბავშვები სახლში არიან. გვინდა ჩვენმა შვილებმა კარგ პირობებში ისწავლონ, თუმცა, ვის უნდა ვანდოთ?! გზა არ არის ნორმალური და არც შესაბამისი სერვისია. პატარა ბავშვი სახლში ძლივს დადის, იქ როგორ გავუშვათ უპატრონოდ. ცუდ დღეში ვართ, თუ არ ივლიან, სხვა ბავშვებს სწავლაში როგორ უნდა დაეწივნენ? შვილები ყოველდღე მეკითხებიან, მამა სკოლა როდის იხსნებაო. ლამბალო დიდი სოფელია, შენობა კიდევ გზის პირას არის. ქუჩა ვიწროა და მოძრაობა გადატვირთული. რაც სწავლა დაიწყო, მანქანამ უკვე სამი ბავშვი გაიტანა, კიდევ კარგი, გადარჩნენ. ხომ შეიძლება მსგავსი რამ მომავალშიც მოხდეს. “- ამბობს ჰუსეინ გასანოვი.

მისივე თქმით, კაზლარის მოსახლეობის მოთხოვნაა, სოფელს საკუთარი სკოლა ჰქონდეს, რომელშიც დაწყებითი კლასის მოსწავლეები მაინც ივლიან. მათ ალტერნატიული შენობაც უკვე შერჩეული აქვთ.
„ამ შენობაში დარბაზი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ გვინდა სკოლად ვაქციოთ. აქეთ-იქიდან რამდენიმე ოთახს მოვუმატებთ, რომ დაწყებითი კლასის ბავშვები მაინც დაეტივნენ. სოფელში რვა კლასამდე ასაკის -180 ბავშვია. ამ საკითხზე რამდენჯერმე სკოლის დირექტორიც გამოაგზავნეს დასალაპარაკებლად, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გარკვეულა, იმას სხვები ატყუებენ, ის კიდევ- ჩვენ.“

თანასოფლელის აზრს იზიარებს ელბაი ალიევიც.
„სოფელში სამასი კომლი ვცხოვრობთ და რატომ არ უნდა გვქონდეს სკოლა. თვითონ ხომ არ აშენებენ, ჩვენს აშენებულზეც არ გვრთავენ ნებას, რომ ბავშვებმა აქ ისწავლონ. ჩვენი თხოვნაა მოგვხედონ და მოაგვარონ ეს პრობლემა. “
როგორც სოფელ ლამბალოს საჯრო სკოლის დირექტორი, დათო როსტომაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, აღნიშნულთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უკვე მიმართა.

„კაზლარის მოსახლეობა ითხოვს, რომ სოფელში სკოლა ავუშენოთ. რა თქმა უნდა, პრობლემა უახლოეს პერიოდში ვერ მოგვარდება და ეს ავუხსენით კიდეც მათ. ბავშვებით მანიპულირება არ შეიძლება. ამიტომ ყველაფერი უკვე ჩადგა კალაპოტში.
ლამბალოში ამხელა სკოლა აშენდა და ბავშვებმა სარიტუალო სახლში რატომ უნდა იარონ?! განათლების სამინისტროსთვის მიწვდილი გვაქვს ყველანაირი ინფორმაცია, ალბათ განიხილავენ და პასუხსაც მოგვაწვდიან. ამ დროისთვის ლამბალოში მხოლოდ უფროსკლასელები დადიან, დაწყებითი კლასის მოსწავლეები კი ჯერ ისევ ძველ სკოლაში რჩებიან. მერე ნელ-ნელა მაგათაც წამოვიყვანთ. მოსახლეობას დავპირდი, რომ შუმდგომლობას გავუწევდი ყველა სტრუქტურაში, რათა პრობლემა მოგვარდეს.“




განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ სოფელ კაზლარში სასკოლო ავტობუსი სწავლის დაწყების მომენტიდან ყოველდღე დადის და ბავშვებს გადაადგილების პრობლემა არ აქვთ. უწყების ინფორმაციითვე, თუკი დირექტორმა სკოლის შენობასთან დაკავშირებით, სამინისტროს მიმართა, საკითხს შესაბამისი სამსახურები განიხილავენ და ოფიციალურად მიიღებენ პასუხს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სკოლა / კაზლარი /