განათლება
სკოლებში „თავისუფალი გაკვეთილები“ აპრილიდან დაიწყება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პროექტში „ თავისუფალი გაკვეთილები“ მონაწილეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის თორმეტმა საჯარო სკოლამ მიიღო.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის დალი მინდიაშვილის განცხადებით, სკოლების უმრავლესობამ ოთხივე მიმართულება აირჩია.
„12 საპროექტო განაცხადი მივიღეთ. აქედან ერთი - ქალაქ გურჯაანის პირველი საჯარო სკოლაა, დანარჩენი კი სოფლის სკოლებია. სამ მათგანს დოკუმენტაციაში მცირე ხარვეზი აღმოაჩნდა და გამოსასწორებლად უკან დავუბრუნეთ. ცხრა კორესპოდენცია გუშინ გადავაგზავნეთ. სამინისტროში პროექტები თვის ბოლომდე დამუშავდება. ამის შემდეგ გამარჯვებული სკოლები შესაბამის საგრანტო დაფინანსებას მიიღებენ. ვვარაუდობთ, რომ თავისუფალი გაკვეთილების ჩატარება აპრილიდან უკვე შესაძლებელი გახდება.“

შეგახსენებთ, რომ პროექტის ინიციატორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. თავისუფალი გაკვეთილები 4 მიმართულებით ჩატარდება: სპორტი, წიგნიერება, კულტურა-ხელოვნება და ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობები. უწყების ინფორმაციით, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ზრდას, ასევე საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას.


| Print |
FaceBook Twitter Google