განათლება
მოსწავლეებს ექსტერნის გამოცდების ქულები შეენახებათ
იმ მე-12 კლასელებისთვის, რომლებსაც 2016-2017 სასწავლო წელს, რომელიმე საგანში, გაკვეთილების 30% ან მეტი გაუცდა და გამოცდების ექსტერნად ჩაბარება სჭირდებათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რეგისტრაციისა და გამოცდის ვადები განსაზღვრა.


გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის თქმით, რეგისტრაცია 21 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო გამოცდები 27 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით ჩატარდება.
„მე-12 კლასელთათვის 24 აპრილიდან გაცდენილი საათები აღარ იანგარიშება. დანარჩენი საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა კლასში მთელი წლის მანძილზე საგნისათვის განსაზღვრული საათების 30%-ის და მეტის გაცდენის შემთხვევაში, ბავშვი აბარებს გამოცდას ექსტერნის წესით. წელს სიახლეა. ადრე იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება აბარებდა ოთხ საგანს და აქედან ერთში ჩაიჭრებოდა, დანარჩენი საგნების ქულები არ უნარჩუნდებოდა. ამჯერად პიროვნებამ, რომელიც ექსტერნად რეგისტრირდება, უნდა მიუთითოს განცხადებაში სურს თუ არა საგნებში მიღებული ქულების შენახვა. თუ ის ოთხი გამოცდიდან ერთში ჩაიჭრა, მომდევნო წელს გამოცდას მხოლოდ იმ ერთ საგანში ჩააბარებს.“

დალი მინდიაშვილის თქმით, დამამთავრებელი კლასის გაცდენების ექსტერნი სკოლებში ჩატარდება. ის არ იქნება ელექტრონული და ტესტებს სასწავლო პროგრამის თანახმად, თავად სკოლა შეადგენს.

| Print |
FaceBook Twitter Google