განათლება
შესაძლოა არაავტორიზებული სასწავლო დაწესებულებები დაიხუროს
არაავტორიზებულმა სასწავლო დაწესებულებებმა შესაძლოა, ფუნქციონირება საკუთარი ნებით ან კანონის ძალით შეწყვიტონ.

ახალი რეგულაციის ინიციატორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. პარლამენტში შეტანილი პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 192 პრიმა მუხლი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდება:
„ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე, ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება და/ან ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელის სახელის გამოყენება შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე – ისჯება კანონით”.


აქამდე არსებული ნორმა არაავტორიზებულ სასწავლებელს სანქციას მხოლოდ დიპლომის გაცემის დროს უწესებდა. ცვლილებების მიხედვით კი ეს მთელ სასწავლო პროცესს შეეხება. კანონში ზუსტდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც არაავტორიზებული სასწავლო დაწესებულებების მხრიდან მოქალაქეების მოტყუება ან შეცდომაში შეყვანა დასჯადი ქმედება გახდება.

ჯარიმას, რომელსაც კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლი არეგულირებს და ის მოსამართლის გადაწყვეტილებით სხვადასხვა ოდენობის შეიძლება იყოს. მინიმალური ზღვარი კი 2000 ლარია. ინიციატივა პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.


| Print |
FaceBook Twitter Google