განათლება
რა დარღვევების გამო გაათავისფლეს იორმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი
იორმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი, კაზახ აბდულაევი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მას აუდიტის დეპარტამენტი ფინანსების არასწორ ხარჯვას, სკოლაში არადამაკმაყოფილებელ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებსა და სხვა დარღვევებზე ედავება.

კაზახ აბდულაევის გათავისუფლების შესახებ ბრძანება 2017 წლის 23 აგვისტოს დაიწერა. მას საფუძვლად დაედო განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა.
-„დარღვევები იყო შესყიდვების განხორციელების კუთხით, ასევე გამოიკვეთა ფინანსების არასწორი ხარჯვა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების პრობლემა, ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებული ბუღალტრული წესის დარღვევები, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმების გარეშე დასაქმებული ჰყავს ძმა, არ ჰქონდა აღმოფხვრილი ის ხარვეზები, რომლებიც წინა შემოწმების დროს დაფიქსირდა,“ - განმარტეს განათლების სამინისტროს პრესსამსახურში.

თავად კაზახ აბდულაევი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ფინანსების არამიზნობრივად ხარჯვას ადგილი არ ჰქონია.
იორმუღანლოს საჯარო სკოლაში შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველომ გეგმიური შემოწმება ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაატარა, კვლევა 2013 წლის საქმიანობის შესწავლას გულისმობდა.

ხარვეზები, რომელიც მაშინ გამოიკვეთა, სკოლას არაუმეტეს 1 წლის ვადაში უნდა გამოესწორებინა, თუმცა, მორიგი შემოწმების დროს, რომელიც 2017 წლის 19 ივლისის №634 ბრძანების საფუძველზე 20-დან 26 ივლისის ჩათვლით ჩატარდა, დარღვევები კვლავ დაფიქსირდა.
აღნიშნულ მასალებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შეისწავლის. როგორც განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში განმარტეს, შესაბამისი საფუძვლის არარსებობის გამო, მათ სტრუქტურას საქმის მასალები სამართალდამცავი ორგანოებისათვის არ გადაუცია.

საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მანანა ცუცქირიძის თქმით, სკოლას ამ დროისთვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს.
-„დირექტორის მოვალეობას ასრულებს მოადგილე სწავლა-სწავლების პროცესის დარგში რიზვან უსუპოვი. როდის დაინიშნება ახალი დირექტორი ჩემთვის უცნობია, რადგან კანონის მიხედვით ამ საკითხს განათლების სამინისტრო წყვეტს.“

კაზახ აბდულაევი ამ დროისთვის სკოლაში ფიზიკის პედაგოგად რჩება. მანანა ცუცქირიძის თქმით, ის გახლავთ საკმაოდ წარმატებული, სერტიფიცირებული პედაგოგი და მასწავლებლის სახლის ტრენერი.
| Print |
FaceBook Twitter Google