განათლება
რა იცვლება საბავშვო ბაღებში- გურჯაანის საკრებულომ სტანდარტების პროექტი დაამტკიცა

2018 წლის იანვრიდან, საბავშვო ბაგა ბაღებში ახალი სტანდარტები უნდა ამოქმედდეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა, ბაღებში მომუშავე პერსონალის პროფესიული სტანდარტი, ქცევისა და ეთიკის წესები, საბავშვო ბაღების დირექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ასევე შიდა და გარე მონიტორინგის შეფასების სისტემა დამატკიცეს.

კონკრეტულად რა იცვლება საბავშვო ბაღებში, ამის შესახებ speqtri.ge-ს გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა თევდორაშვილი ესაუბრა.

-„საბავშვო ბაგა-ბაღის ზოგიერთი მენეჯერი პროფესიული განათლებითაა, ამ ახალი დადგენილების პროექტით, მათ აუცილებლად უმაღლესი აკადემიური განათლება მოეთხოვებათ. რაც შეეხება, აღმზრდელებს, ისინი აღმზრდელ -პედაგოგის სტატუსს მიიღებენ. მათი სტანდარტი ჩვენ არ გვეხება და მთავრობის დადგენილებით დამტკიცდება. აღსაზრდელთა ჯგუფში იმუშავებს აღმზრდელი, რომელსაც დღეს აღმზრდელის თანაშემწე ჰქვია და მათაც პროფესიული განათლება უნდა ჰქონდეთ. ასევე, კანონის მიხედვით, ყველა ბაგა-ბაღმა უნდა იმუშაოს დილის 9:00 საათიდან ექვს საათამდე. დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 37-დან მხოლოდ 20 საბავშვო ბაღი მუშაობს ამ განრიგით. ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული, თუმცა პერსოანლის ხელფასზე ამ წუთას ვერაფერს გეტყვით. ველოდებით მთავრობის დადგენილებას, რომლითაც აღმზრდელ-პედაგოგის ანაზღაურება განისაზღვრება.“

ლელა თევდორაშვილის ინფორმაციითვე, კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ყველა საბავშვო ბაგა ბაღმა ავტორიზაცია უნდა გაიაროს.

"ინფრასტრუქტურული სტანდარტის დაკმაყოფილებას ამ ეტაპზე ბევრი ბაღი ვერ შეძლებს. ამიტომ ამ სტანდარტის ამოქმედება გადაწეულია 2024 წლამდე. ამ ეტაპზე, სააღმზრდელო დაწესებულებებმა უნდა დააკმაყოფილონ ოთხი სტანდარტი: კვების, სანიტარულ-ჰიგიენური, აღმზრდელ-პედაგოგის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და განათლების. ის ბაღები, რომლებიც სტანდარტებში ჩაჯდებიან, მიიღებენ პირობით ავტორიზაციას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად კი ვადა მიეცემათ. გეტყვით, რომ საბავშვო ბაღებში, დღეს არ გვაქვს ცუდი კვება, მაგრამ ეს ახალ სტანდარს არ შეესაბამება. შევადგინეთ ახალი მენიუები, იქნება სამჯერადი კვება და ორი წახემსება. სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს რაც შეეხება, ამ მიმართულებით ყველაზე უკეთესად გვაქვს საქმე. ბოლო ორი წლის განმავლობაში, სამზარეულოები, სველი წერტილები, ცხელი წყალი, ყველაფერი მოწესრიგდა.“

როგორც გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვან თანხებთანაა დაკავშირებული. მან 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე წარადგინა, რომელსაც ახალი მოწვევის საკრებულო დაამტკიცებს.
| Print |
FaceBook Twitter Google