განათლება
პროფესიული დღე- პედაგოგები გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან
5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ამ დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლიდან იღებს.
მასწავლებელთა საერთშორისო დღის დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის დამასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.



Speqtri.ge გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების რამდენიმე პედაგოგს ესაუბრა.

ნინო ჭანტურიძე ექვსი წელია რაც გურჯაანის #1 საჯარო სკოლაში მუშაობს, ის დაწყებითი კლასების პედაგოგია, პროფესიით- ფიზიკა-მათემატიკოსი. მიმდინარე წელს ტრენერთა სკოლაში სწავლობდა და ახლა კოლეგებს ტრენინგებს თავადვე უტარებს. „სანამ ამ სკოლაში მოვიდოდი, ორი წელი მესამე საჯარო სკოლაში მათემატიკას ვასწავლიდი. შემდეგ სერტიფიცირება გავიარე და აქ გადმომიყვანეს. მასწვალებლის პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია. თუ დავესესხებით იოსებ ნონეშვილს, „ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო, მასწავლებელი რომ არ ჰყოლოდა.“ ამ ბოლო დროს ახალგაზრდებში ნაკლები პოპულარობით სარგებლობს ეს პროფესია, რაც ნამდვილად საწყენია. ახლა მეორე კლასია ჩემი სადამრიგებლო, ვასწავლი მესამე კლასსაც. ძალიან რთული, საპასუხისმგებლო და შრომატევადია მათთან მუშაობა. ფაქტობრივად, ერთი წუთითაც კი ვერ დაჯდები. რაც შეეხება ჩემს წარმატებებს, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ბრიუსელში გახლდით, მაქვს ეროვნული და ევროპული ხარისხის ნიშანი. გასულ წელს ვისწავლე ტრენერთა სკოლაში, ყოველი მოდულის ბოლოს გამოცდები ჩავაბარე, ახლა მილენიუმის პროექტში ფიზიკის საგნის ტრენერი ვარ. ორი დღის წინ გავიგე, რომ ფასილიტატორად დამნიშნეს. რამდენიმე ტრენერი შეგვარჩიეს და შევეიცარია-საფრანგეთში ბირთვულ ლაბორატორიაში სტაჟირებაზე მივყავართ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი სკოლა ყველანაირად ხელს მიწყობს და მხარში მიდგას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ.“


ბელა მაისურაძე 14 წელია ბავშვებს სამოქალაქო განათლებას ასწავლის და მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს. თავიდან სოფელ კახიფარის საჯარო სკოლაში მუშაობდა, ახლა კი ვაჩნაძიანში. მისი აღსაზრდელები ოლიმპიადებში მონაწილეობას ყოველ წელს იღებენ და წარმატებებიც აქვთ. „პირველ რიგში ყველა პედაგოგს მინდა მივულოცო მასწავლებლის საერთაშორისო დღე და წარმატება ვუსურვო მათ. მნიშვნელოვანი როლი გვაკისრია, თუ როგორ აღიზრდებიან მოსწავლეები და როგორ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან ისინი. რაც შეეხება, საგანს რომელსაც ვასწავლი, სამოქალაქო განათლებას, ბავშვების ინტერესი დიდია. თითოეული საკითხი, რომელიც ამ სახლემძღვანელოშია შეტანილი, მეტად ცხოვრებისეული, საჭირო და აუცილებელია, ამიტომ თითოეული მოსწავლეც ხალისით სწავლობს. ვეხებით ისეთ საკითხებს, მაგალითად, როგორიცაა, ნარკოტიკი, ალკოჰოლი და მათი მავნე გავლენა. ამ ყველაფრის სწავლა კი ხელს უწყობს იმას, რომ ბავშვებმა ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვორონ. ჩემი მოსწავლეები ყოველ წელს იღებენ მონაწილეობას სამოქალქო განათლების ოლიმპიადაში და საკმაოდ დიდი წარმატებებიც აქვთ. სასიხარულოა, როდესაც პედაგოგს გაწეული შრომა გიფასდება.“


მეშვიდე წელია ნათია ოსოშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის საჯარო სკოლაში ასწავლის. ოთხი წელია, რაც მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდები პირველივე ცდაზე ჩააბარა და სერტიფიცირებული პედაგოგის სტატუსი მოიპოვა.
„უნივერსიტეტი 2011 წელს დავამთავრე და ამავე წელს დავიწყე მუშაობა. მინდა აღვნიშნო, რომ მასწავლებელს ბავშვის პიროვნულად ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მეტად მნიშვნელოვანი როლი აკისრია. რა თქმა უნდა, ვცდილობთ, გავითვალისწინოთ, თითოეული ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობები და ვურჩიოთ, როგორ დადგნენ სწორ გზაზე, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ბავშვებს სკოლისკენ უნდა მოუხაროდეთ, საგაკვეთილო პროცესი საინტერესო და სახალისო უნდა იყოს. პირადად მე, ყველა კლასში, ასაკიდან გამომდინარე. სწავლების სხვადასხვა მეთოდს ვიყენებ. მაქვს როლური თამაშები, კითხვის საათი და ა.შ. ჩემი ბავშვები აქტიურად და საკმაოდ წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა ოლიმპიადებში, წინა წელს რამდენიმე მათგანმა პირველი ხარისხის დიპლომი აიღო, მათგან კიდევ უფრო მეტ წინსვლას ველოდები.“


ელენე ბიაშვილი სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლის ყველაზე ახალგაზრდა პედაგოგია. ის 23 წლისაა, პირველ და მეოთხე კლასელებს ინგლისურ ენას ასწავლის. თავის საგანში სასერტიფიკატო გამოცდა პირველივე ცდაზე ჩააბარა, ამ სასწავლო წელს კი უნარების გამოცდაზე გასვლასაც აპირებს. „მეორე წელია, რაც გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, საზაფხულო სკოლაში ინგლისურ ენას ვასწავლი, ახლა გახანგრძლივებული ჯგუფიც შეიქმნა. სიმართლე გითხრათ, თავიდან პედაგოგობაზე არც ვფიქრობდი, მაგრამ საზაფხულო სკოლაში იმდენი სითბო და სიყვარული წამოვიდა ბავშვებიდან, სერიოზულად დავფიქრდი. ერთი წელია, რაც ვეჯინის საჯარო სკოლის პედაგოგი ვარ. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი ბავშვის ცხოვრებაში, ფაქტობრივად ჩვენ ვაყალიბებთ და საფუძველს ვუყრით მათ მომავალს. კარგი მასწავლებელი კი კარგ მომავალს განსაზღვრავს. ჩემი საგნისადმი უდიდეს დაინტერესებას ვგრძნობ ბავშვების მხრიდან. მათი სიყვარული და სითბო კი უფრო მეტ სტიმულს მაძლევს. სასერტიფიკატო გამოცდაზეც გავედი, როგორც მაძიებელმა მასწავლებელმა, საგანი უკვე ჩავაბარე, უნარების გამოცდაზე გასვლის უფლება არ მქონდა ამიტომ ამ სასწავლო წელს აუცილებლად ვცდი ბედს.“

Speqtri.ge ყველა პედაგოგს პროფესიულ დღეს ულოცავს და მათ წარმატებებს უსურვებს.

| Print |
FaceBook Twitter Google