განათლება
გურჯაანში ცხრა ბაგა-ბაღის მენეჯერი თანამდებობას დატოვებს
მას შემდეგ, რაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეორგანიზაცია დაიწყება, ცხრა მენეჯერს თანამდებობის დატოვება მოუწევს.

სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ამის მიზეზი ის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია, რომლის მიხედვითაც დირექტორებისთვის (ამჟამად მენეჯერი) უმაღლესი აკადემიური განათლება სავალდებულოა.
„საკრებულომ მიიღო დადგენილება გურჯაანის საბავშვო ბაგა- ბაღებში დირექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ის, რომ მომავალი დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს ორ პირობას: ჰქონდეს უმაღლესი აკადემიური განათლება და ერთი წლის მუშაობის სტაჟი. მუნიციპალიტეტში არსებულ : კალაურის ნომერ პირველ, შაშიანის, ზეგაანის, კოლაგის, კარდენახის ნომერ მეორე, ჩალაუბნის, მელაანის, კაჭრეთისა და ზემო კაჭრეთის ბაღებში ამჟამად მუშაობენ პროფესიული განათლების მქონე მენეჯერები. აქედან გამომდინარე, ისინი კრიტერიუმებს ვეღარ დააკმაყოფილებენ. რეორგანიზაციის შემდეგ, სავარაუდოდ, გადანაწილდებიან სხვა თანამდებობებზე. “

ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ცვლილებები სხვა პერსონალსაც შეეხება.
„ დღეს ჩვენ გვაქვს შტატი აღმზრდელის თანაშემწე, რომელსაც რეორგანიზაციის მერე დაერქმევათ აღმზრდელები. ამჟამად, თუ თანაშემწეს საშუალო განათლება აქვს, აღმზრდელს სულ მცირე პროფესიული განათლება მაინც უნდა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, დღევანდელი აღმზრდელის თანაშემწეები ავტომატურად ვერ გადავლენ აღმზდელის პოზიციაზე, თუკი მათ არ ექნებათ შესაბამისი განათლება. შევეცდებით ეს პროცესი უმტკივნეულოდ ჩატარდეს და ისინი გადავიყვანოთ სხვა პოზიციებზე, ჭურჭლის მრეცხავად ან დამლაგებლად. “

მისივე თქმით, რეორგანიზაცია სავარაუდოდ იანვრიდან დაიწყება და კონკურსის გამოცხადების შემდეგ, ნებისმიერ მსურველს შეეძლება მასში მონაწილეობის მიღება.



| Print |
FaceBook Twitter Google