განათლება
ბაღის პედაგოგების ხელფასების მატება სქემის მიხედვით დარეგულირდება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, საბავშვო ბაგა–ბაღების მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების მომატება და დარეგულირება პროფესიული განვითარების სქემით მოხდება.
მისივე თქმით, საბავშვო ბაღის მასწავლებლებისთვის უახლოეს მომავალში ხელფასების მატება მოსალოდნელი არ არის.
„საბავშვო ბაღის პედაგოგების ანაზღაურების მიმართულებით ჯერ-ჯერობით პროფესიული განვითარების სქემა არ გვაქვს, როდესაც გვექნება სწორედ ამ სქემის მიხედვით დარეგულირდება მათი ხელფასების რაოდენობა“, – განმარტა მინისტრმა.
როგორც პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს გახდა ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტის 62 მილიონი ლარით გაზრდა იგეგმება, მასწავლებელთა საბაზო ხელფასის მატება გათვალისწინებული არ არის. რაც შეეხება მინისტრის მიერ ხსენებული სქემის თანახმად სკოლის მასწავლებელთა სახელფასო დანამატის საკითხს, ამისთვის ბიუჯეტის პროექტში 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რომლითაც 10 ათასი პედაგოგის დაფინანსებაა განსაზღვრული.

| Print |
FaceBook Twitter Google