განათლება
ახალი სტანდარტები- რა იცვლება საბავშვო ბაღებში
საქართველოს მთავრობამ საბავშვო ბაღებში ის ოთხი სტანდარტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი უნდა წარიმართოს.
ეს სტანდარტებია- კვებისა და რაციონის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, აღმზრდელ-პედაგოგის, ასევე ადრეული და სკოლამდელი განვითარების.

თუკი სააღმზრდელო დაწესებულებები 2018 წლის 31 დეკემბრამდე შესაბამის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, ისინი ავტორიზაციის გარეშე დარჩებიან.

„რა თქმა უნდა, ყველა სტანდარტი მნიშვნელოვანია და საბავშვო ბაგა ბაღებში მათ დასანერგად შესაბამისი ფინანსებია საჭირო. დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია, აგვისტოს ბოლოს წარადგინოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი. ეს პროექტი უკვე მივიტანეთ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, თუმცა ახლა ახალი ხელმძღვანელი მოვა და ხელახლა გავაგზავნით.“-გვითხრა გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების ხელმძღანელმა ლელა თევდორაშვილმა.
მისივე თქმით, იმისთვის რომ ზემოთ აღნიშნული სტანდარტების ამოქმედება მოხდეს, შესაბამისი სამინისტროები ერთობლივად არიან ჩართულები.

„დღეს მოქმედებს აღმზრდელის შტატი და მას პედაგოგის სტატუსი არ აქვს. განათლების სამინისტრომ თავის თავზე აიღო აღმზრდელ-პედაგოგებისთვის ტრენინგ-მოდულების შემუშავება. უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი მოახდენენ დღეს მოქმედი აღმზრდელების გადამზადებას, რათა მათ პედაგოგის სტატუსი მიიღონ. დაფინანსებას კი ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველჰყოფს. ვერ ვიტყვი, რომ გადამზადების შემდეგ ყველა მიიღებს შესაბამის სტატუსსა და ანაზღაურებას. ისინი სერტიფიცირებას გაივლიან და ამის მიხედვით მოხდება შერჩევა.“-აღნიშნა ლელა თევდორაშვილმა.

რეორგანზიაციის შედეგად, თითოეული ბაღი არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება. სტატუსი შეეცვლებათ მენეჯერებს და მათ დირექტორები დაერქმევათ.

„როგორ მოხდება მათი დანიშვნა, კონკურის წესით თუ ტესტირებით, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულია მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. აუცილებელია, უმაღლესი აკადემიური განათლება, ამასთან ერთად თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს მუშაობის ერთი წლის სტაჟი, უნდა იცოდეს კანონი შესყიდვების შესახებ, რეფერირების წესი, შრომის კოდექსი, საქართველოს კონსტიტუცია და ა.შ. მოთხოვნები დამტკიცდა დანარჩენი პერსონალისთვისაც. მაგალითად, დღეს აღმზრდელის თანაშემწეებს არანირი განათლება არ მოეთხოვებათ. ცვლილების მიხედვით, ეს შტატი აღარ იქნება და აღმზრდელები ერქმევათ. მათ კი სულ მცირე, პროფესიული განათლება მაინც უნდა ჰქონდეთ.“

2018 წლის პირველი იანვრიდან სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების სტანდარტიც იცვლება. სამჯერადის ნაცვლად, კვება ოთხჯერადი გახდება. თუ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაღებში აქამდე ერთი ბავშვის კვებაზე დღიურად დაახლოებით 1 ლარი და 20 თეთრი იყო გათვალისწინებული, ახალი პროექტის მიხედვით ეს თანხა 3 ლარსა და 30 თეთრს შეადგენს.

„ყველა ბაღი 9-დან 6 საათამდე იმუშავებს. დღეს ამ განრიგით მხოლოდ ის სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობენ, სადაც გახანგრძლივებული ჯგუფებია. ცვლილების მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ჯანსაღი კვების პირამიდა. ბავშვებმა ყოველდღე უნდა მიირთვან ხილ-ბოსტნეული, რძისა და ხორცის პროდუქტები, ასევე ნახშირწყლებით მდიდარი საკვები. მოზარდმა ბაღში დღიური კვებითი რაციონის 75% უნდა მიიღოს.“

მთავრობამ დაამტკიცა ასევე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების რეგლამენტიც. გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების ხელმძღანელი ამბობს, რომ ამ მხრივ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბაღებში, კარგი მდგომარეობაა და არსებული სიტუაცია მოთხოვნებს შეესაბამება.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურისა და გარემოს მოწყობის სტანდარტს, ეს რეგლამენტი მთავრობას ჯერ არ დაუმტკიცებია. ამ კუთხით მოთხოვნები საბავშვო ბაღებმა სავარაუდოდ 2020 წლამდე უნდა დააკმაყოფილონ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / სტანდარტი /