განათლება
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია 5 მარტიდან დაიწყო და 30 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის თქმით,აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე შეეძლებათ. 30 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 15 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე ექნება.

„რეგისტრაციის მეორე ეტაპი 15 მაისამდე გასტანს. 15 მაისის შემდეგ აბიტურიენტებს არ ექნებათ შესაძლებლობა შეცვალონ გამოცდის ენა.რაც შეეხება მესამე ეტაპს, სავარაუდოდ 15 აგვისტომდე გაგრძელდება. ჩვენ სხვა წლებისგან განსხვავებით გავახანგრძლივეთ რეგისტრაციის მესამე ეტაპი, რაც განპირობებული იყო გარკვეული მიზეზებით. მოგეხსენებათ, რომ დიდ უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარეობს ავტორიზაცია–აკრედიტაციის პროცესი, აკრედიტაციის ცენტრი შესაძლოა, არაგეგმიურად შევიდეს კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელში. ამიტომაც რეგისტრაციისას აბიტურიენტები ბუნებრივია იხილავენ იმ უნივერსიტეტებს, რომლებსაც აქვთ ავტორიზაცია და პროგრამებს, რომლებიც აკრედიტირებულია, თუმცა მათი შემოწმების შემდეგ შესაძლოა ეს ჩამონათვალი შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, ყველა აბიტურინტის საყურადღებოდ, მინდა ვთქვა, აუცილებლად მიადევნონ თვალი რეგისტრაციის პერიოდში უნივერსიტეტებისა და პროგრამებთან დაკავშირებულ სიახლეებს, რადგან მათ შეცდომა არ დაუშვან და არ მიუთითონ ისეთი უმაღლესი სასწავლებელი რომელსაც შესაძლოა შეუჩერდეს ავტორიზაცია.“

მისივე თქმით, აპლიკანტებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.gov.ge და online.naec.ge) უნდა გაიარონ.


| Print |
FaceBook Twitter Google