განათლება
მეორე კლასში საგაკვეთილო პროცესი ხუთი წუთით შემცირდება
ახალი სასწავლო წლიდან მეორე კლასელი მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი 5 წუთით შემცირდება. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა.



მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, წელს დაწყებით საფეხურზე, პირველიდან მე-6 კლასამდე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ნაკლებად დამღლელი საგაკვეთილო პროცესია.
„წელს, დაწყებით საფეხურზე, პირველიდან მე-6 კლასამდე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა კლასში გვექნება შინაარსობრივად და ტექნიკურად განახლებული სახელმძღვანელოები აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდოლოგიური მიდგომით. მოგეხსენებათ, ახლა მიმდინარეობს სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი. იმედი გვაქვს, განახლებული სახელმძღვანელოებით, განახლებული მიდგომებით, ასევე მეორე კლასელებისთვის 5 წუთით შემცირებული გაკვეთილებით, რაც ერთ-ერთი მიდგომაა, რომ ძალიან დამღლელი არ იყოს საგაკვეთილო პროცესი - ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს სკოლაში მისული მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო იქნება.ჩვენ გვინდა მოსწავლეს ვასწავლოთ სწავლის სწავლა, რომ მეტად იყოს უნარებზე ორიენტირებული და ნაკლებად - დაზეპირებაზე; მეტად აზროვნებასა და ლოგიკაზე და ნაკლებად - ტვიტრთადქცეულ დავალებებზე, რომელიც მოსწავლეს არაფერს აძლევს“, - განაცხადა მან.
| Print |
FaceBook Twitter Google