განათლება
სკოლებში გაკვეთილების ხანგრძლივობა შეიცვლება
2018-2019 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში გაკევთილების ხანგრძლივობა კლასების მიხედვით სხვადასხვა იქნება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მესამე-მეთორმეტე კლასებში გაკვეთილების ხანგრძლივობა 45 წუთი იქნება; პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა 35 წუთით განისაზღვრა; მეორე კლასის მოსწავლეებს გაკვეთილზე ჯდომა 40 წუთის განმავლობაში მოუწევთ. ხოლო მე–7, მე–8, მე-9 კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები დაემატათ. გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებული იქნეს გამონაკლისი, როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა შემდეგ შემთხვევებში:

ა) ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ.) შეამციროს მაქსიმუმ 10 წუთით; ბ) სხვადასხვა სასკოლო ღონისძიების ჩატარების დროს გაზარდოს მაქსიმუმ 10 წუთით.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღნიშნულია, რომ შესვენებებს შორის უნდა იყოს ერთი დიდი დასვენება, რომელიც სკოლამ უნდა დაგეგმოს სასწავლო განრიგის გათვალისწინებით. დიდი დასვენება არ უნდა იყოს 10 წუთზე ნაკლები და 30 წუთზე მეტი. სკოლაში გაკვეთილების ხანგრძლივობის განახლებული პრინციპი ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორცილებული ცვლილებების საფუძველზე დადგინდა.



| Print |
FaceBook Twitter Google