განათლება
გურჯაანის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში 2364 ბავშვია რეგისტრირებული
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია პირველ მაისს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

როგორც ჩვენთან საუბარში სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორმა ლელა თევდორაშვილმა აღნიშნა, დღეის მონაცემებით, 2364 ბავშვია დარეგისტრირებული.
„გურჯაანის მუნიციპალიტეტში სულ 37 საბავშვო ბაღია. 17 სექტემბრიდან ყველგან განახლდა სააღმზრდელო პროცესი. ამ ეტაპისთვის 2364 ბავშვია დარეგისტრირებული, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ პროცესი პირველ ოქოტმბრამდე გრძელდება. ცოტა რთული სიტუაციაა ვეჯინის, შაშიანისა და კიდევ ზოგიერთ საბავშვო ბაღში. კონტინგენტი მაღალია და სჭირდებათ ჯგუფის დამატება. იმის გამო, რომ ოთახები ფიზიკურად არ არსებობს, ჯგუფები საკმაოდ გადატვირთულია. ახალი სტანდარტებიდან გამომდინარე, მოვა პერიოდი, როდესაც მკაცრად გვექნება განსაზღვრული უფროს ჯგუფში მაქსიმუმ - 30, ხოლო ბაგაში 25- ბავშვი. აქედან გამომდინარე უნდა დავდოთ მონაცემები, რათა მუნიციპალიტეტმა და ალბათ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განხილვის შედეგად მიიღონ გადაწყვეტილება, იმ ბაღებში, სადაც საჭიროა ჯგუფების დამატება, მოხდეს ახალი ფართის მიშენება.“

ლელა თევდორაშვილის თქმით, ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება მომზადებული შეხვდა. მოხდა მზარეულებისა და გაზზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება. ჩატარდა გენერალური დასუფთავება. მეთოდური მითითებების მიხედვით, მოიხატა ეზოები და სააღმზრდელო ჯგუფები.


| Print |
FaceBook Twitter Google