განათლება
ღვინის უნივერსიტეტი აუცილებლად გურჯაანში აშენდება - დავით სონღულაშვილი
გურჯაანში კავკასიის უნვერსიტეტი ღვინის უნივერსიტეტს გახსნის. მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და მუნიციპალიტეტი არ შეიცვლება.
ერთ-ერთ ლოკაციად ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორია განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის.

ამჟამად არსებული პროექტის მიხედვით აშენდება სამი შენობა: ღვინის ლაბორატორია, ღვინის მცირე წარმოება და სტუდენტური საერთო საცხოვრებელი.

-„საუბარია კიდევ რამდენიმე ადგილზე, როგორც ქალაქის ცენტრში, ასევე ქალაქგარეთ. თუმცა ქალაქის განვითარებისთვის ალბათ აჯობებს ცენტრში გაკეთდეს. შემიძლია გადაჭრით გითხრათ ის, რომ ღვინის უნივერსიტეტი გურჯაანში აშენდება და მუნიციპალიტეტი აღარ შეიცვლება. ეს ჩემი აქტიური ჩართულობის შედეგია. გურჯაანი მეღვინეობა-მევენახეობის მუნიციპალიტეტია და ამიტომ ყველაზე სწორია, სასწავლებელიც აქ აშენდეს. ამ ლოგიკით დავარწმუნე კავკასიის უნივერსიტეტი, რომ შესაფერისი ადგილი გურჯაანია. ეს იქნება საერთაშორისო უნივერსიტეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ ისწავლიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტები. ჩატარდება არაერთი კვლევა მეღვინეობა- მევენახეობის მიმართულებით, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის სტატსუსს სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანს. როგორც ხელმძღვანელობა მეუბნება, 2020 წლისთვის უკვე მზად იქნებიან სტუდენტების მისაღებად.“-აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ღვინის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამის წლიური გადასახადი 2250 ლარი იქნება, ხოლო პროფესიულის 1125 ლარი.

“ თავდაპირველად, გურჯაანში ღვინის სკოლის გახსნა იგეგმებოდა, მაგრამ გადაწყდა, რომ ამ ქალაქში ღვინის უნივერსიტეტი იქნება. აქ იფუნქციონირებს პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. შესაძლოა ლოკაცია შეიცვალოს, რადგან ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ პროექტი გვაქვს. იწერება პროგრამები და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ერთ-ერთი ლოკაცია შერჩეულია, თუმცა შესაძლოა განვიხილოთ სხვა ადგილიც. „- განაცხადა კავკასიის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მარიამ მაღულარიამ.

მისივე თქმით, პროექტის მიხედვით, დაგეგმილია სამი კორპუსის აშენება, აქედან ერთ-ერთი აუცილებლად საერთო საცხოვრებელი იქნება.

-„ საერთო საცხოვრებელი არცერთ უნივერსიტეტში უფასო არ არის, ჩვენ შემეთხვევაშიც იქნება რაღაც თანხა, თუმცა ამ დროისთვის ვერ დავაკონკრეტებთ რამდენი. მიღება გვექნება ღვინის ტექნოლოგიებზე, მაგრამ პროგრამის სახელი ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის. შესაძლოა, 4 წლის მერე, როდესაც პირველ ნაკადს გავუშვებთ, კულინარიის მიმართულება დაემატოს. ეს სამომავლო პერსპექტივაა. კავკასიის უნივერსიტეტს 70 ქვეყნის 130 პარტნიორი ჰყავს. გაცვლითი პროგრამები ძირითადად ევროპის მიმართულებით ხორციელდება. რა თქმა უნდა, ამ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა. ადგილზე იქნება შესაძლებელი პრაქტიკის გავლაც.“-აღნიშნა მაღულარიამ.

ღვინის უნივერსიტეტის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება და საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტთა მიღებას 2020-2021 სასწავლო წლისთვის შეძლებს.



| Print |
FaceBook Twitter Google