განათლება
განათლების სამინისტრო მოსწავლეებისთვის ვიდეორგოლების კონკურსს აცხადებს
ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრო სკოლის მოსწავლეებისთვის ანიმაციური ვიდეორგოლების კონკურსს – “გაცოცხლებული სურათები” აცხადებს.

კონკურსის პირობების თანახმად, ვიდეორგოლების კონკურსი საჯარო და კერძო სკოლების ორი ასაკობრივი კატეგორიისთვის – VII-IX და X-XII კლასების მოსწავლეებისთვის – ჩატარდება. მოსწავლეებმა უნდა შექმნან ანიმაციური ვიდეორგოლი, რომელშიც გააცოცხლებენ ნიკო ფიროსმანის ნახატებს. ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს და გაფორმებული/გახმოვანებული უნდა იყოს მუსიკალურად.

გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან 700, 600 და 500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ვაუჩერებით.
კონკურსისთვის შედგენილი სპეციალური ჟიური ასევე გამოავლენს გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციებში: ჟიურის რჩეული; ორიგინალური იდეა; ახალგაზრდა ანიმატორი და საუკეთესო სიუჟეტი. აღნიშნულ ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ვაუჩერებით.

დეტალური ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ ბმულზე.




| Print |
FaceBook Twitter Google