განათლება
ვეჯინის ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან განახლდა.


როგორც ჩვენთან საუბარში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა შორენა ფროდიაშვილმა განაცხადა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შენიშვნები აღმოფხვრილია.
„ვეჯინის ბაღში აღმოჩენილი კრიტიკული შეუსაბამოების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შენობა დახურა. გასარემონტებელი იყო სამზარეულო, რომელიც ხელახლა შეკეთდა. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა ჩატარებული სამუშაოები. ასევე მოსულები იყვნენ წარმომადგენლები სურსათის ეროვნული საგენტოდან, შეადგინეს ოქმი და დაგვრთეს ნება საღმზრდელო პროცესი განახლებულიყო.“


გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების უფროსის რამაზ ქიტიაშვილის განმარტებით, აღმოჩენილი ხარვეზი გამოსწორებულია.
„სამუშაოები ხელახლა ჩატარდა და დამაკმაყოფილებელია. სურსათის უვნებლობას რაზეც ჰქონდა შენიშვნა, ის პრობლემა მოგვარებულია. საგარანტიო პერიოდი კიდევ ორი წლის განმავლობაში მოქმედებს. ანუ ახალი ხარვეზის წარმოქმენის შემთხვევაში, მშენებელი ვალდებულია გამოასწოროს.“


შეგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღი 4 თებერვალს შეამოწმა და ახლადრეაბილიტირებულ სამზარეულოში დარღვევები აღმოაჩინა. აღნიშნული მიზეზით ბაღი დროებით დაიხურა, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანება კი 1000 ლარით დაჯარიმდა.

| Print |
FaceBook Twitter Google