განათლება
კახეთში სკოლის დატოვების სურვილი დაახლოებით 672-მა პენსიონერმა პედაგოგმა გამოთქვა
სტატუსის შეჩერების და ორი წლის ხელფასის მიღების სურვილი კახეთში უკვე გამოთქვა საპენსიო ასაკის ასობით მასწავლებელმა. კომპენსაციას ის პედაგოგი მიიღებს, რომელსაც მინიმალური კომპეტენციის დადასტურების, სტატუსის ამაღლებისა და პროფესიული საქმიანობის გაგრძელების სურვილი არ აქვს.



პროცესი ნებაყოფლობითია.როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა განაცხადა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კომპენსაციის მიღების სურვილი დაახლოებით ასოცდაჩვიდმეტმა პედაგოგმა გამოთქვა.
„ეს არის ის კატეგორია, ვინც სიტყვიერად გამოთქვა სურვილი, რომ ამ ეტაპზე მიიღოს ჯილდო. ისინი თავიანთი შრომის საფასურს, საკმაოდ სოლიდურ თანხას აიღებენ. ეს არის ბოლო ორი წლის ნამუშევარი, პლიუს კლასის ხელმძღვანელობის ანაზღაურება.“


დღეის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით სამსახურიდან წასვლის სურვილი დაახლოებით 672-მა პედაგოგმა გამოთქვა. მათგან ყველაზე მეტია თელავში- 144, შემდეგ გურჯაანში -137-მდე, ლაგოდეხში - 105, 80 პედაგოგია მსურველი როგორც ახმეტაში, ისე სიღნაღში, ყვარელში- 64, დედოფლისწყაროში კი- 62. რაც შეეხება საგარეჯოს მუნიციპალიტეტს, რესურსცენტრის ხელმძღვანელისთვის მონაცემები ჯერჯერობით უცნობია.


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, პენსიონერ პედაგოგებს, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი შეუნარჩუნდებათ.

| Print |
FaceBook Twitter Google