განათლება
რესურსცენტრებში სკოლამდელი განათლების სპეციალისტები დაემატებიან
ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღებში საგანმანათლებლო რესურსცენტრის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი დაემატება. ამის შესახებ ინფორმაციას, EDU.ARIS.GE ავრცელებს.

აღნიშნული პირები განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და და ბაგა-ბაღების გაერთიანებებს შორის კოორდინაციას უზრუნველყოფენ. რეფორმის ფარგლებში, სამინისტრო სკოლამდელი განათლების კუთხით გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს. მაისში საბავშვო ბაგა-ბაღების პედაგოგების სერტიფიცირება უნდა განხორციელდეს, ასევე უნდა მოხდეს ბაგა-ბაღების ავტორიზაცია. სწორედ აღნიშნულ საკითხებში იქნებიან ჩართულები რესურსცენტრების სპეციალისტები.

„ამ ადამიანების ფუნქციაა, დაეხმაროს მუნიციპალიტეტებს სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში. არსებობს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები, ამ სტანდარტების დანერგვას უნდა შეუწყოს ხელი ამ სპეციალისტმა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ახალი თანამშრომელი მუნიციპალიტეტის დონეზე იმუშავებს ბაღებთან, აღმზრდელ-პედაგოგებთან, მშობლებთან, მეთოდისტებთან და ყველა იმ პირთან ვინც დაინტერესებულია და შეხება აქვს სკოლამდელ განათლებასთან. როგორც გამოიკვეთება საჭიროება, ექნება შეხვედრები, კონსულტირებას გაუწევს სკოლამდელი განათლებით დაინტერესებულ პირებს, მათ შორის მშობლებს, აღმზრდელებს, მეთოდისტებს ხარისხიან სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებით. ასევე მონაწილობას მიიღებს მუნიციპალიტეტთან ერთად სკოლამდელი განათლების საჭიროებების განსაზღვრაში, აქტივობების დაგეგმვაში, ასევე ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადების პროცესში. ეს ადამიანი მუნიციპალიტეტებში არსებულ ბაგა-ბაღების გაერთიანებებს მიაწოდებს ინფორმაციას, როგორ უნდა მოახდინონ აღმზრდელ- პედაგოგთა გადამზადება. ასევე შემდგომ, როდესაც დაიწყება ბაღების ავტორიზაციის პროცესი, ჩართული იქნება ამ პროცედურებში რომ საბავშვო ბაღები აკმაყოფილებდნენ ხარისხიან სკოლამდელ განათლების სტანდარტებს“, – აცხადებენ სამინისტროში.

კადრების შერჩევის პროცესი საბოლოოდ ჯერ დასრულებული არ არის.

| Print |
FaceBook Twitter Google