განათლება
ვისაც სწავლის სურვილი აქვს, დისტანციური მეცადინეობა ხელს არ უშლის - ლამბალოს სკოლის დირექტორი
საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, უკვე თითქმის 3 კვირაა საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლება მიმდინარეობს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორი, დავით როსტომაშვილი ამბობს, მასწავლებლებს ბავშვებთან სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ. დავალებები, რომლებსაც ისინი ასრულებენ, დამაკმაყოფილებელია.
„საგანგებო მდგომარეობის გამო, ბავშვების ნაწილი ფერმაზეა წასული. გარდა ამისა, ჩვენთან იცით, რომ თემში ინტერნეტის პრობლემაა და ამიტომ მათთან კომუნიკაცია ტელეფონით ხდება. რომელ ბავშვსაც ტელეფონი არ აქვს, მის მშობელს ურეკავენ. კლასის დამრიგებელი, ისევე როგორც სხვა საგნის მასწავლებლები, დავალებას ტელეფონით აძლევენ. ვისაც ინტერნეტი აქვს, ვაცაპით ერთვებიან. მონიტორინგის პროცესში მეც და ჩემი მოადგილეებიც ჩართული ვართ. 75 პედაგოგი გვყავს და გადავინაწილეთ საქმე. კვირის განმავლობაში ყველა პედაგოგთან გვაქვს კავშირი, მათგან ვიღებთ ინფორმაციას, ვის ეკონტაქტებიან და რა დავალებებს აძლევენ. როცა დახმარება დასჭირდათ, მაგალითად, რეგისტრაციის თვალსაზრისით, დირექცია დაეხმარა მათ.“

დავით როსტომაშვლის თქმით, ვისაც სწავლის სურვილი აქვს, დისტანციური მეცადინეობა ხელს არ უშლის.

„განსხვავება ისაა, რომ სკოლაში პედაგოგების მხრიდან კონტროლი მეტია, ახლა პასუხისმგებლობა უფრო მშობელზეა. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ დავალებები, რომლებსაც მოსწავლეები პედაგოგებს უკან უბრუნებენ, დამაკმაყოფილებლად არის შესრულებული, უკმაყოფილოები არ ვართ. რა თქმა უნდა, დისტანციურად სწავლებისას ის დონე ვერ იქნება, რაც პირისპირ სწავლების დროს, მაგრამ არც საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს.“

ლამბალოს საჯარო სკოლაში სულ 1178 მოსწავლეა, რომელიც ორ ცვლაში სწავლობს. სკოლა აზერბაიჯანულენოვანია, თუმცა, ფუნქციონირებს ქართული სექტორიც. გამოცხადდება თუ არა 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად, დავით როსტომაშვილისთვის უცნობია, რადგან ამის შესახებ მითითება ჯერჯერობით არ მიუღია.

საქართველოში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე 18 მარტიდან გადავიდნენ. მათ განათლების სამინისტროსგან მიიღეს რეკომენდაცია, რომ ონლაინ სწავლების უზრუნველყოფა მოეხდინათ TEAMS-ის პროგრამით, რაც გულისხმობს დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენებას.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, განათლების სისტემა არაა მზად დისტანციურად სრულფასოვანი განათლება მისცეს ბავშვებს.

| Print |
FaceBook Twitter Google