განათლება
გურჯაანის საბავშვო ბაღის პედაგოგები აქტივობებს დისტანციურად ახორციელებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღები სწავლა-აღზრდის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. როგორც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი, ლელა თევდორაშვილი speqtri.ge-სთან განმარტავს, დისტანციური აქტივობების განხორციელების თაობაზე წერილი განათლების სამინისტროსგან მიიღეს.

„ჩვენ დაახლოებით, 10 დღეა, რაც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით. შესაბამისი ბრძანება უკვე გამოვეცით. ყველა ბაღმა გააკეთა თავისი ფეისბუქ გვერდი და მასწავლებლები, ლოკოპედები, მუსიკის მასწავლებლები შესაბამის დავალებებს აძლევენ მშობლებს. ზოგიერთი მასწავლებელი წერს ვიდეოს, უგზავნის მშობელს, ისინი აჩვენებენ ბავშვებს და ამის შემდეგ ერთად სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებენ: ხატავენ, აფერადებენ და ა.შ. თემა შეიძლება იყოს: ფერები, ფიგურები, ფრინველები და სხვა. ეხლა აღდგომა მოდის და მაგალითად, ერთ-ერთ ბაღს ჰქონდა ამ თემაზე აქტივობა, როგორ დავთესოთ ჯეჯილი. ეს ხომ არ არის შვებულება, ეს არის იძულებითი არდადეგები საგანგებო მდგომარეობის გამო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი არ უნდა ვაკეთოთ. ჩვენი მასწავლებლები მიჰყვებიან თავიანთ გეგმას, რა აქტივობის განხორციელებაც შესაძლებელია დისტანციურად, ისე დაგეგმავენ.“

დისტანციურ აქტივობებთან დაკავშირებით, გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ შესაბამისი ინსტრუქცია და რეკომენდაციები ფეისბუქის გვერდზეც გამოაქვეყნა:

1. მენეჯერებმა შექმნან ბაღის ფეისბუქგვერდი. შესაძლებლობების ფარგლებში გააწევრიანონ ყველა აღსაზრდელის მშობელი / კანონიერი წარმომადგენელი.

2. მენეჯერებმა დაადგინონ, რამდენი მშობლისთვის / კანონიერი წარმომადგენლისთვის არის ან არ არის ხელმისაწვდომი ინტერნეტი, ასევე რამდენისთვის არის ან არ არის ხელმისაწვდომი სატელეფონო კავშირი.

3. მენეჯერებმა უზრუნველყონ თითოეული ბავშვის და მშობლის ჩართვა პროცესში. მუშაობისას გაითვალისწინონ აქტივობების განრიგი; მშობლებთან ერთად შეიმუშავონ მოქნილი, მაგრამ თანმიმდევრული დღის რეჟიმი. ასევე აღმზრდელებმა შეარჩიონ თემები აღსაზრდელთა ინტერესებიდან და ასაკიდან გამომდინარე. მიჰყვნენ წლიურ სამუშაო გეგმას. პროცესი უნდა იყოს ბავშვისადმი კეთილგანწყობილი.

4. მენეჯერებმა (აღმზრდელებმა) გაითვალისწინონ ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული კანონმდებლობა და ინკლუზიური განათლების პრინციპები. ხელი შეუწყონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის ჩართულობას პროცესში.


ლელა თევდორაშვილის თქმით, საბავშვო ბაღის თანამშრომლები ამ პერიოდში ჩვეულებრივ იღებენ ხელფასს.

შეგახსენებთ, რომ სკოლამდელ სააღმზედელო დაწესებულებებში არდადეგები 2 მარტიდან დაიწყო.

იმის გამო, რომ საბავშვო ბაღებში არდადეგები გახანგრძლივდა, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ მიიღო გადაწყვეტილება, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების კვებისთვის განსაზღვრული პროდუქტები, მათ ოჯახებს მოხმარებოდა. სწორედ ამიტომ დაახლოებით 132 ათასი ლარის ღირებულების პროდუქტის სასურსათო კალათები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2252 ბავშვს გადაეცა.

| Print |
FaceBook Twitter Google