განათლება
როგორ შეძლებენ ქულის ამაღლებას მოსწავლეები
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას მიმართოს და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს. - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

პირველ ეტაპზე კომპლექსურ დავალებებს მე–12 კლასელები მიიღებენ.

„ მე–12 კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც არ აკმაყოფილებთ განსაზღვრული წლიური ქულა, ჩვენ გვაქვს ჩაშენებული ამ სისტემაში ქულის ამაღლების საშუალება. 2020 წლის 21 მაისიდან 29 მაისის ჩათვილით, ისინი ან მათი კანონიერი წარმომადგენელი აფიქსირებენ, რომ მოსწავლეს სურს აიმაღოს ნიშანი. ამ შემთხვევაში, სკოლის ადმინისტრაცია 2020 წლის 19 ივნისამდე მოსწავლეს აძლევს შემაჯამებელ კომპლექსურ დავალებას, რომლის საფუძველზეც მოხდება შეფასება“,– განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე განმრტებით, ეს არის დავალება, რომელიც მოითხოვს შემოქმედებით აზროვნებას, სადაც მოხდება შეჯამება, როგორც ინფორმაციის, ასევე იმ ინფორმაციის გამოყენების თვალსაზრისით. თითოეულ მოსწავლეს ექნება დრო, რომ დეტალურად იმუშაოს დავალებაზე, რომლითაც ის შეფასდება.

ქულის ამაღლება ასევე შეეძლებათ იმ მოსწავლეებს, რომლებიც სკოლაში სწავლას მეცხრე კლასიდან წყვეტენ.
თუმცა, მათ შეეძლებათ თავიანთი სურვილი 16 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით დააფიქსირონ. მათ სკოლის ადმინისტრაცია 30 ივნისის ჩათვლით მისცემს კომპლექსურ დავალებას, რომლის საფუძველზეც მოხდება მოსწავლის შეფასება.


მინისტრის განცხადებით, ყველა სხვა კლასის მოსწავლეს შეეძლება შესაბამისი მოთხოვნით სკოლის ადმინისტრაციას 2020 წლის 16 ივნიისდან 30 ივნისის ჩათვლით მიმართოს. ნიშნის გამოსწორების შესაძლებლობა კი 2020–2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მიეცემათ. სექტემბრიდან მთელი სემესტრი ექნებათ, რომ აუჩქარებლად იმუშავონ კომპლექსურ დავალებაზე და მათი ნიშანი დაიწერება სემესტრის ბოლოს. 

დღესვე მინისტრმა შეფასების ახალ მოდელზეც ისაუბრა. ეს არის შეფასების ორი ფორმა: განმავითარებელი და განსაზღვრული.
| Print |
FaceBook Twitter Google