განათლება
გაცდენების ექსტერნი გამოცდები აღარ ჩატარდება
მოსწავლეები, რომლებსაც კონკრეტულ სასკოლო საგანში 30%-იანი და მეტი გაცდენა აქვთ, ექსტერნატის გამოცდას აღარ ჩააბარებენ. შესაბამისი ცვლილებები „ეროვნული სასწავლო გეგმების დამტკიცების შესახებ“ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის ბრძანებაში განხორციელდა.


მოსწავლეები, რომლებსაც გარკვეულ საგნებში გაცდენების დიდი რაოდენობა უფიქსირდებათ, ალტერნატიული წესით შეფასდებიან. ისინი შემაჯამებელ ქულას მიიღებენ ან არსებული ქულების საფუძველზე, ან ერთი კომპლექსური შემაჯამებელი დავალების შესრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, საგანმანათლებლო დაწესებულებები სამი თვეა დისტანციური სწავლების რეჟიმში არიან გადასული. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნორმატიულ აქტებში გარკვეული ცვლილებების განხორციელება გახდა აუცილებელი.

აქამდე არსებული წესით, თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლე სასწავლო წლის განმავლობაში გააცდენდა კონკრეტული საგნისთვის, კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% -ს და მეტს, მოსწავლე ფასდებოდა მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. განხორციელებული ცვლილების თანახმად კი, 2019-2020 სასწავლო წლისთვის, ბრძანების ზემოთხსენებული მონაკვეთი უქმდება და შეფასება მოხდება შემდეგი წესით: თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის 2019-2020 სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება საგანში წლის განმავლობაში მიღებული მიმდინარე საკლასო, მიმდინარე საშინაო და შემაჯამებელი დავალებების ქულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არ უფიქსირდება საგანში მიმდინარე დავალებების ქულები, შეფასდება ერთი შემაჯამებელი/კომპლექსური ტიპის დავალებაში მიღებული განმსაზღვრელი შეფასების საფუძველზე.

შემაჯამებელი/კომპლექსური ტიპის დავალების ნიმუშები კონკრეტული საგნებისთვის, არ იქნება ცენტრალიზებული და მას სკოლები შეადგენენ.





| Print |
FaceBook Twitter Google