განათლება
რეკომენდაციები აბიტურიენტებისთვის
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად განისაზღვრა ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის უსაფრთხოდ ჩატარების წესები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.

შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს (სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია მოიტანოს საკუთარი პირბადე). აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე გაივლიან თერმოსკრინინგს.

გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:

√ მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;

√ მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;

√ მითითების შემთხვევაში დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;

√ თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.


ამ ჩამონათვალის გარდა, სხვა პირადი ნივთების მოტანა არ არის რეკომენდებული, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნივთებიდან დაავადების გადატანის/გავრცელების რისკი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოსაცდელებს გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში (ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე) აბიტურიენტი მიიღებს შენიშვნას, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი მოიხსნება გამოცდიდან.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგამოცდო სივრცეების კონდიციონერით გაგრილება მოხდება მხოლოდ სესიის დაწყებამდე და გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს გამოცდის ჩაბარების მსურველებს, რომ სიახლეები შეეხება მხოლოდ გამოცდებზე მოქცევის წესებს და არა მათ ფორმატს ან შინაარს. წინა წლების მსგავსად, საგამოცდო ცენტრები იქნება შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ხულოში.

საგამოცდო ცენტრებში მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში იმუშავებენ სამედიცინო და პოლიციის პუნქტები. საგამოცდო პროცესი ჩაიწერება ვიდეოკამერებით.

მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირების შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს მომავალში აცნობებს.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება.

| Print |
FaceBook Twitter Google