განათლება
აბიტურიენტები დისტანცირების პარალელურად პირბადის აუცილებლობას ზედმეტად მიიჩნევენ
გამოცდაზე პირბადით ყოფნა და ის ფაქტი, რომ ამ წესების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, აბიტურიენტი გამოცდიდან მოხსნან, მათ უკმაყოფილებას იწვევს.
მათი თქმით, ამ პირობებში ეროვნული გამოცდების ჩაბარება დამატებითი სტრესია, რის გამოც გამორიცხულია, რომ სასურველი შედეგი მიიღონ.



ფოტოზე: ნინი ალადაშვილი

„გვესმის რა სიტუაციაცაა, არავის გვინდა, რომ ვირუსი შეგვხვდეს, მაგრამ ამ პირობებში აზროვნება და საგამოცდო საკითხებზე კონცენტრაცია, ძალიან რთულია. ივლისის თვეში, როდესაც ძალიან ცხელა და გვეუბნებიან, რომ კონდიციონერს ჩართავენ, მაგრამ შემდეგ უნდა გამოირთოს და ფანჯრები გაიხსნას, ალბათ, სიგრილე ვერ შენარჩუნდება. ასეთ პირობებში 2-3 საათის განმავლობაში გამოცდაზე პირბადით ყოფნა, თითქმის შეუძლებელი იქნება. აქედან გამომდინარე, აბიტურიენტი სასურველ შედეგს ვერ დადებს.“- ამბობს გურჯაანელი ნინი ალადაშვილი.

მისივე თქმით, იმ სივრცეში, სადაც გამოცდას მხოლოდ 10 აბიტურიენტი აბარებს და დისტანციის დაცვაც მარტივია, პირბადის ტარება სავალდებულო არ უნდა იყოს.

„გვეუბნებიან, რომ ოთახები წინასწარ დამუშავდება, იქნება დამცავი ფარები, სოციალური დისტანცია და ასეთ გარემოში, ჩემი აზრით, საერთოდ არ არის საჭირო პირბადე. ხომ შესაძლებელია, რომ სანამ გაგვანაწილებენ, მანამდე გვეკეთოს და შემდეგ, როდესაც ჩვენს ადგილებს დავიკავებთ, მოგვცენ მოხსნის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ვრცელდება ფოტოები, უცხოეთში როგორ ჩაატარეს გამოცდები ღია სივრცეში. იქნებ აქაც მოეფიქრებინათ მსგავსი რამ.“



ფოტოზე: ლიკა ნიკოლაშვილი

პრობლემებზე საუბრობს, კიდევ ერთი აბიტურიენტი, ლიკა ნიკოლაშვილი. მისი თქმით, პირბადის თანხლებით გამოცდის ჩატარება, კონცენტრაციაში შეუშლით ხელს.
„გარკვეულწილად, საჭიროა პირბადე, მარგამ მხოლოდ რეგისტრაციის დროს, გამოცდების დაწერისას უნდა მოგვცენ საშუალება, რომ მოვიხსნათ, რადგან ოთახში აბიტურიეტებს შორის იქნება ორმეტრიანი დისტანცია. პირბადე ხელს შეგვიშლის ტესტის დაწერაში. ჩვენი ყურადღება მაინც იქნება გადატანილი იმ დისკომფორტზე, რასაც პირბადე შეგვიქმნის. რადგან ამ რეჟიმს მიჩვეულები არ ვართ, შესაძლებელია, მექანიკურად მოვიხსნათ და ამის გამო გამოცდიდან გამოგვიშვან. შევეცადე, სახლში გამეკეთრებინა პირბადე და ისე მემეცადინა, მაგრამ ძალიან გამიჭირდა. არ ვიცი, გამოცდაზე რა იქნება?!“


შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.

აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე გაივლიან თერმოსკრინინგს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში კი, გამოცდას იზოლირებულ ოთახში ჩააბარებენ.

ეროვნული გამოცდები წელს 6 ივლისიდან დაიწყება.




| Print |
FaceBook Twitter Google