განათლება
პირბადე ეროვნულ გამოცდებზე შესაძლოა სავალდებულო აღარ იყოს
აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა შესაძლოა, პირბადის გარეშე შეძლონ , - ამის შესახებ „დღის კურიერთან“ საუბარში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიას განმარტებით, პირბადის ტარებასთნ დაკავშირებული რეგულაცია შეიძლება შეიცვალოს.

“მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი რეკომენდაცია გავიარეთ და შენიშვნებიც მივიღეთ. საზოგადოების მოლოდინი, გარკვეულწილად, არაერთგვაროვანი იყო. პირბადე არის ბარიერი იქ, სადაც სხვაგვარი ბარიერის შექმნა შეუძლებელია, ვგულისხმობ პლასტიკატის, გამჭვირვალე ბარიერს, რომელიც იცით, რომ მაღაზიაში ან ავტობუსის მძღოლების შემთხვევაში შევქმენით.

განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მაგიდების ადაპტირება გააკეთა და შექმნა ბარიერით აღჭურვილი მაგიდები. ამდენად, იქ სადაც უკვე უშუალოდ მუშაობას შეუდგება აბიტურიენტი და იქნება მის წინ ბარიერი, ახლა მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ამ შემთხვევაში რამდენად დასაშვები იქნება, რომ იმუშაოს პირბადის გარეშე. ამ დღეებში ჩვენ გვექნება დაზუსტებული პასუხი ამასთან მიმართებაში.

ვენტილატორებთან და კონდიცირებასთან დაკავშირებით, ასევე, ძალიან ბევრი დებატია და ჯერჯერობით, კონდიცირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ, რასაც ჩვენ ვაპირებთ გამოცდების პროცესში”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აბიტურიენტების უმრავლესობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა აღნიშნულ რეგულაციასთან დაკავშირებით. ისინი აცხადებდნენ, რომ პირბადის თანხლებით გამოცდაზე სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლებელი იყო. აბიტურიენტების ერთმა ჯგუფმა ამ საკითხთან დაკავშირებით პეტიციაც მოამზადა.



| Print |
FaceBook Twitter Google