განათლება
რა უნდა გააკეთოს დირექციამ თუ მოსწავლეს სკოლაში ტემპერატურა დაუფიქსირდება
ჯანდაცვის სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები გამოაქვეყნა. რეკომენდაციაში დეტალურად არის აღწერილი თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი სკოლაში უსაფრთხოების წესები.


მათ შორის საუბარია სკოლის ვალდებულებაზე იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეს ან თანამშრომელს ტემპერატურა და რესპირატორული ინფექციის ნიშნები აღმოაჩნდება. დოკუმენტის თანახმად ირკვევა, რომ თერმოსკრინინგით 37-ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მოსწავლე გადამოწმდება ვერცხლისწყლის თერმომეტრით, თუ ისევ ტემპერატურა დაფიქსირდება, მას გადაიყვანენ საიზოლაციო ოთახში და დაუკავშირდებიან მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს. მშობლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სკოლა უკავშირდება 112-ს.

სიცხის გადამოწმების შემდეგ 37°С ან 37°С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში: ნებისმიერი პირი არ დაიშვება სკოლაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს; მოსწავლეს მოარგეთ პირბადე და განათავსეთ წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანაზე;

დაფიქსირებული ცხელების შემთხვევები უნდა აღირიცხოს შესაბამის ფორმაში (დანართი N37.1). დღის განმავლობაში დაწესებულებაში მყოფი ნებისმიერი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, გადაამოწმეთ ტემპერატურა და იმოქმედეთ შესაბამისად; დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) პირების (მასწავლებლების, თანამშრომლებისა და მოსწავლეების) დაშვება დაწესებულების შენობაში;

რესპირატორული სიმპტომების (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.), ან ცხელების სასწავლო პროცესის დროს გამოვლენის შემთხვევაში, მოსწავლე (პირბადით) დროებით გადაყვანილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად გადამისამართების მიზნით;

სკოლაში მოსწავლის, მასწავლებლის, თანამშრომლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს და წერილობით დააფიქსიროს გაცდენის მიზეზი;
სკოლაში ცხელების, რესპირატორული სიმპტომების დაფიქსირების ყველა შემთხვევის შემდგომ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სასწავლო დაწესებულებაში დაშვება ხდება პჯრ ტესტირების დასკვნის საფუძველზე (COVID-19 -ით ინფიცირების არ არსებობის შემთხვევაში);

მოსწავლის/თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის კონტაქტების მოძიებისა და კარანტინის/თვითიზოლაციის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების რეკომენდაციების შესაბამისად“, – ვკითხულობთ დოკუმენტში

| Print |
FaceBook Twitter Google