განათლება
როგორ ხვდებიან გურჯაანის ბაღები ახალ სასწავლო წელს
როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე გურჯაანის საბავშვო ბაგა - ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პირველ ოქტომბერს განახლდება.

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, გურჯაანის 36 ბაღი სასწავლო პროცესის დაწყებისთვის მზადყოფნაშია.
„37 ბაღიდან 36-ში დაიწყება სააღმზრდელო პროცესი. სოფელ გურჯაანის პირველი ბაღი სარეაბილიტაციო სამუშოების გამო მოგვიანებით დაიწყებს ფუნქციონირებას. ბრძანების თანახმად, სკოლამდელ დაწესებულებებში კოვიდ-19 -ის პრევენციასთან დაკავშირებით, ყოველდღიურად ბაღებში უნდა განხორციელდეს თერმოსკრინინგი, დეზობარიერი უნდა გაიაროს როგორც აღსაზრდელმა, ასევე თანამშრომელმა, მოეწყობა საიზოლაციო ოთახები. სამზარეულოში განსაკუთრებით უნდა იყოს დაცული სანიტარული ზომები, მომსახურე პერსონალს ექნება თავსაბურავები და ბახილები. მკაცრად გაკონტროლდება კვების პროდუქტების შემოტანის პროცესი. მომწოდებლები გაივლიან თერმოსკრინინგს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გურჯაანის გაერთიანებამ უკვე დაიწყო მზადება და 70 პროცენტი იმ საშუალებებისა, რაც აუცილებელია კოვიდ 19 -ის პრევენციასთან დაკავშირებით, შევიძინეთ. ესენია: პირბადეები, ხელის სადეზინფექციო სითხე, ზედაპირების დასამუშავებელი სითხე, დეზობარიერები, სანიტაიზერები და ა.შ. ერთადერთი საყიდელი გვაქვს ტერმომეტრები. ამ ყველაფრისთვის 15 ათას ლარამდე დაიხარჯა. ყველა ბაღში ექთნის ოთახებში მოეწყობა საიზოლაციო ოთახი და თერმოსკრინიგიც ექთნის მოვალეობაში შევა. მომდევნო კვირას ჩატარდება შეხვედრა მენეჯერებთან და საჭირო ინვენტარს ჯგუფების მიხედვით გადავანაწილებთ. 21 სექტემბრიდან გამოვიძახებთ თანამშრომლებს და ისინი ათი დღის განმავლობაში მოახდენენ სანიტარულ ჰიგიენურ დასუფთავებას. “

ახალი რეგულაციის მიხედვით, შენობაში იკრძალება მშობლის შესვლა, თუმცა, ლელა თევდორაშვილის თქმით, ამ კუთხით პრობლემა არ შეემნებათ. ბავშვების მიღება-გაშვების პროცესში თითოეული თანამშრომელი ჩაერთვება.
„დიდ ბაღებში პერსონალი საკმაოდ გვყავს: მენეჯერი, მისი თანაშემწე, ლოგოპედი, დამხმარე ძიძები და ყველა ჩაერთვება ამ პროცესში. ყველაზე მთავარი ის არის, რომ დიდმა ბაღმა აუცილებლად უნდა გააკეთოს ჩეკ-ლისტები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფების მიხედვით ბავშვების მოსვლის დრო უნდა გადანაწილდეს. აქედან გამომდინარე, აღარ იქნება ქაოსი. რაც შეეხება ბავშვების რაოდენობას, რაიმე აკრძალვა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, პირველი ერთი კვირა ქაოსული იქნება, როგორც ყოველთვის, მერე ყველაფერი დალაგდება.“

რაც შეეხება სათამაშოებს, ლელა თევდორაშვილის თქმით, 37-გრადუსიანი წყლით და სადეზინფექციო საშუალებით დამუშავდება, ისეთები კი, რომლებიც ამ პროცესებს არ ექვემდებარება, ბაღებიდან უკვე დიდი ხანია ამოღებული აქვთ.

| Print |
FaceBook Twitter Google