განათლება
ონლაინ სწავლება დადებითი და უარყოფითი მხარეებით
ათი წელია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყიდან მელაანში ყოველ დღე დადის იმისთვის, რომ ბავშვებს ინგლისური ენა და ლიტერატურა ასწავლოს. 
ნათია ოსოშვილმა 7 წლის წინ ჯერ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა, ახლა უკვე წამყვანი მასწავლებელია. სკოლაში მუშაობა უნივერისტეტის დასრულებისთანავე დაიწყო, თვითგანვითარებაზე კი მუდმივად ზრუნავს.

სხვა პედაგოგების მსგავსად, ახლა თავის მოსწავლეებს პროგრამა თიმსის საშუალებით დისტანციურად ეკონტაქტება. ფიქრობს, რომ სკოლაში სწავლებას არაფერი შეედრება, თუმცა პანდემიის ფონზე ეს ფორმატი საუკეთესო გამოსავალია.

-„ქვეყანაში არსებულმა რეალობამ და შექმნილმა სიტუაციამ განათლების სისტემა ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა, თუმცა ყველაზე მძიმე სიტუაციიდანაც შეიძლება გამოსავალი მოიძებნოს. პედაგოგებისთვის საქმე გაორმაგებულია, თუმცა გაკვეთილის ჩატარების პროცესი იმდენად მრავალფეროვანია, უკვე მივეჩვიეთ. Რა თქმა უნდა, პირისპირ სწავლებას არაფერი შეცვლის, თუმცა ონლაინ სწავლებასაც აქვს თავისი დადებითი ნიუანსები. ყველაზე დიდი პლიუსი და ძლიერი მხარე, ვფიქრობ, სწორეს ის არის, რომ ცხოვრების რთულ სიტუაციაში სწავლა-სწავლების უწყვეტობა და განათლების მიღების შესაძლებლობა ჩვენი საქმიანობის გაგრძელების საშუალებას გვაძლევს. Მოსწავლეებს მოსწონთ სიახლე და მრავალფეროვნება, დისტანციური სწავლება მათთვის შეიძლება ითქვას, ამ ეტაპზე უფრო საინტერესო და სახალისოც კი აღმოჩნდა,“ - ამბობს ნათია ოსოშვილი.

თამუნა ზირაქაშვილი გურჯაანის #1 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეა. წელს აბიტურიენტია და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აქტიურად ემზადება. გვეუბნება, რომ ონლაინ სწავლების პროცესი თავდაპირველად მისთვისაც და მისი მეგობრებისთვისაც რთული აღმოჩნდა, თუმცა შემდეგ თანდათან მიეჩვივნენ.

-„ვფიქრობ, სახელწიფოს მიერ ოპერატიულმა მოქმედებებმა და მასწავლებლებისა და მოსწავლეების მონდომებამ განაპირობა ის შედეგი, რაც ახლა გვაქვს. ჩემ გარშემო ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია ინტერნეტითა და ტექნოლოგიით, სისტემატურად ვესწრებით ონლაინ გაკვეთილებს. ერთადერთი უარყოფითი ფაქტორი, რაც დისტანციურ სწავლებას ახლავს თან, ეს არის მიჯაჭვულობა კომპიუტერებთან და ტელეფონებთან, რის გამოსწორებასაც დღეს ბევრი პროფესიონალი, მკვლევარი და ფსიქოლოგი ცდილობს. ზოგი ამბობს, თითქოს, ონლაინ სწავლების დროს შემცირდა განათლების დონე, რასაც არ ვეთანხმები. მიმაჩნია, რომ ამ ფორმატმა მოგვცა შესაძლებლობა აღმოვაჩინოთ ჩვენში დამალული ნიჭი, ვისწავლოთ სიახლის ათვისება და გამოყენება. ასევე განათლების სისტემაში დავნერგოთ ინოვაციები, რომლებიც ჩვენს მომავალს უკეთესობისკენ შეცვლის, “- ამბობს თამუნა.

შავი ზღვის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ნინი ალადაშვილი სკოლაში წარმატებული მოსწავლე იყო და 70%-იანი გრანტიც მოიპოვა. სხვა პირველკურსელების მსგავსად ჯერ ლექციას აუდიტორიაში არ დასწრებია, კურსელებისა და ლექტორების გაცნობა დისტანციურად მოუწია. ნინი ონლაინ სწავლების დადებით და უარყოფით მხარეებზე გვესაუბრება.

-„ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, ონლაინ სწავლება ერთი მხრივ კომფორტულია, რადგან სახლიდან ვერთვები ლექციებს და არ წავაწყდი იმ სირთულეებს, რაც საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადასვლას ახლავს თან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ვითარების გახანგრძლივებას სულაც არ ვემხრობი. გარკვეული დადებითი მხარეების მიუხედავად, სამწუხაროდ, ონლაინ სწავლებას მეტი უარყოფითი შეიძლება მოვუძებნოთ. პირველ რიგში, ეს იწვევს რუტინულ სიზარმაცეს, რაც თავის მხრივ უკარგავს სტუდენტს მოტივაციას და რთულია მობილიზება, როცა ცხოვრებისეული რეჟიმი დარღვეულია. ამასთან ერთად, ონლაინ სწავლება სრულ დამოკიდებულებას იწვევს ციფრულ სამყაროზე, გვიქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს მხედველობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ონლაინ სწავლების პირობებში გვაკლია ურთიერთობები. ლექტორებისა და კურსელების მხოლოდ კომპიუტერის ეკრანიდან გაცნობა მომიწია და ეს ნამდვილად არასასიამოვნო ფაქტია. მიუხედავად ზემოთ აღნიშნული პრობლემებისა, ონლაინ სწავლება ერთადერთი ალტერნტივაა მოცემულ ვითარებაში და ჩვენც გვიწევს ფეხი ავუწყოთ ამ გამოწვევებს.“

7 წლის ალექსანდრე მამალაშვილი ერეკლე მეფის სახელობის თელავის #1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეა. გაკვეთილებს საკლასო ოთახში მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში ესწრებოდა. ალექსანდრეს დედა ნათია ნანაშვილი გვეუბნება, რომ მისი შვილი დღეებს ითვლის, სანამ მონატრებულ მეგობრებსა და პედაგოგებს ონლაინიდან რეალურ სივრცეში შეხვდება.
-„არსებულ ვითარებაში, ვფიქრობ, დისტანციური სწავლება ალბათ ერთადერთი გამოსავალი იყო, თუმცა არა მომგებიანი. მაგალითად, ჩემი შვილი პირველ კლასშია, რაც არ უნდა ეცადოს პედაგოგი, 15-20 წუთში ბავშვებს ვერ მიაწვდის ახლად ახსნილ მასალას ისე, როგორც ამას კლასში შეძლებდა. აქედან გამომდინარე, ჩემი შვილისთვის პედაგოგის ფუნქციას მე ვასრულებ. დისტანციურმა სწავლებამ დაბნეულობა გამოიწვია ბავშვებში, სკოლის დანიშნულება ვერც კი აღიქვეს, ისე აღმოჩდნენ სახლებში. თავს ვართმევთ, თუმცა ჩემი შვილი დღეებს ითვლის, სანამ სკოლაში მივა და მონატრებულ მასწავლებლებს და კლასელებს შეხვდება. ჩემი აზრით, დისტანციური სწავლება ვერასოდეს ჩაანაცვლებს ნამდვილ, რეალურ ურთიერთობებს და სკოლის კედლებში მიღებულ განათლებას,“- ამბობს ნათია.

შეამცირებს თუ არა სწავლის დონეს ონლაინ სწავლება?

პანდემიის პერიოდში, სოციალურ ქსელში, არაერთ პოსტს შეხვდებოდით იმის შესახებ, რომ მოსწავლეები ტექნიკისა და ინტერნეტის არარსებობის გამო ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებოდნენ, დახმარებას კი კეთილ ადამიანებს სთხოვდნენ. ზოგს პრობლემა სწორედაც რომ კეთილმა ადამიანებმა მოუგვარეს, მაგრამ დღესაც არიან ისეთი მოზარდები, ვისაც არც კომპიუტერი აქვს და არც ინტერნეტი.
გამონაკლისი ამ მხირვ არც გურჯაანის მუნიციპალიტეტია, თუმცა რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი გვეუბნება, რომ ვისაც ამ მხრივ კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა, პედაგოგები მათ სხვადასხვა საშუალებებით ეკონტაქტებოდნენ. სკოლებს მიეცა რეკომენდაცია, რომ იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას ჩამორჩებიან, დამატებითი მეცადინეობები ჩაინიშნოს მაშინ, როდესაც საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან.

ზოგი ფიქრობს, რომ საქართველოში არსებულ სწავლის ისედაც დაბალ დონეს, ონლაინ სწავლების ფორმატი კიდევ უფრო გააუარესებს. ამ საკითხზე შეფასება დალი მინიდაშვილს ვთხოვეთ. მისი თქმით, რამე გამორჩეულ შედეგზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
-„ პირადად მეც არ გახლავართ ონლაინ სწავლების მხურვალე პატრიოტი. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სწავლება პედაგოგისაგან ძალიან დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს, სწავლების გამორჩეულ შედეგზე საუბარი ამ ეტაპზე სწორად არ მიმაჩნია. ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სწავლების ეს ფორმატი საუკეთესო გამოსავალია, რათა არ გაწყდეს კავშირი ბავშვსა და მასწავლებელს შორის.“

განათლების საკითხების მკვლევარის სიმონ ჯანაშიას თქმით, ინტერნეტი და ტექნიკა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეების ნაწილი განათლების მიღმა რჩება. მისივე შეფასებით, სახელმწიფო პოლიტიკა სუსტია და თითქმის არაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

ჯანაშიას შეფასებით, სახელმწიფოს ჯერ კიდევ სექტემბერში უნდა დაეწყო სპეციალური პროგრამები იმ მოსწავლეებისთვის, ვინც გაზაფხულზე განათლება საერთოდ ვერ მიიღო, მაგალითად, ჩატარებულიყო დამატებითი გაკვეთილები სხვადასხვა ფორმატით.
განათლების საკითხების მკვლევარის თქმით, იმ ფონზე, როდესაც მოსწავლეების ნაწილი საკლასო ოთახებში სწავლის დროს მინიმალურ შედეგსაც ვერ აჩვენებდა, შესაძლოა, ონლაინ სწავლებამ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გააუარესოს.

-„ონლაინ სწავლება ერთი მხრივ კარგი შესაძლებლობაა. წარმოიდგინეთ, პანდემიის პირობებში ბავშვებს სკოლაში სიარული მაინც რომ უწევდეთ, ან დაუსწრებლად სწავლობდნენ, უფრო ცუდი იქნებოდა. პრობლემა ისაა, რომ ინტრნეტსა და ტექნიკურ აღჭურვილობაზე ყველას არ მიუწვდება ხელი. ამასთან ერთად, არის ხარისხის პრობლემაც. მასწავლებლებს პრობლემები პირისპირ ფორმატის დროსაც აქვთ. მოსწავლეების დიდი ნაწილი ზოგიერთი მიმართულებით მინიმალურ შედეგსაც კი ვერ აჩვენებს, მაგალითად, წიგნიერების ან რაოდენობრივი აზროვნების მხრივ. დისტანციური სწავლების დროს ეს პრობლემები შესაძლოა, კიდევ უფრო გაღრმავდეს, რადგან მასწავლებლებს თვითონაც არ აქვთ მსგავს ფორმატში სწავლების გამოცდილება და არც მეთოდებს იცნობენ. სკოლებს დაუწესეს გარკვეული შეზღუდვები, რამდენ ხანს უნდა მიმდინარეობდეს ონლაინ გაკვეთილი, რაც კიდევ უფრო ართულებს შედეგების მიღწევას. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ბავშვების ნაწილი საერთოდ ვერ იღებს, ნაწილი კი იმაზე უფრო უარესი ხარისხის განათლებას იღებს, ვიდრე ჩვეულებრივ ფორმატში სწავლის დროს. რას აკეთებს სახელმწიფო? 10 თვე დასჭირდა იმას, რომ კერძო პროვაიდერებს ინტერნეტის ფასზე მოლაპარაკებოდნენ, თუმცა ესეც არ არის საკმარისი, ისევ დგება აღჭურვილობის საკითხი,“- ამბობს ჯანაშია speqtri.ge-სთან საუბარში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სულ მალე ონლაინ სივრციდან მოსწავლეები ისევ სკოლებს დაუბრუნდებიან. პირველი თებერვლიდან სწავლა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის გარდა ყველგან საკლასო ოთახებში გაგრძლედება.
| Print |
FaceBook Twitter Google