ლექტორების მუდმივ ტესტირებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია არ არის – ნუნუ მიცკევიჩი
განათლების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით,
კორონავირუსზე ლექტორების მუდმივ ტესტირებასთან დაკავშირებით
ჯერ-ჯერობით რეკომენდაცია არ არის, თუმცა სამინისტრო უმაღლესი
სასწავლებლების ლექტორების 2 კვირაში ერთხელ ტესტირების საკითხზე
მსჯელობს.
„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს შესაძლებლობას, დავბრუნდეთ
აუდიტორიულ სივრცეებში. თითოეული დაწესებულება უფლებამოსილია საკუთარი
გადაწყვეტილებით აღადგინოს აუდიტორიული მეცადინეობა, საუბარია თეორიულ
ნაწილზე სწავლა-სწავლების პროცესში. ჩვენ რეკომენდაციები მიწოდებული
გვაქვს – როგორც მოგეხსენებათ თითოეული სტუდენტი და ლექტორი
ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას წესები. მიმდინარეობს მუდმივი
მონიტორინგი, 1-ლი მარტიდან ლაბორატორიული კომპონენტი განახლდა და მას
შემდეგ, მუდმივად ვაკვირდებით პროცესს. 15 მარტიდან შრომის
ინსპექტირების წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ. მართალია, უნივერსიტეტები
საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტენ სწავლების მეთოდს, თუმცა
როგორც ვიცით, მათ ჩაატარეს გამოკითხვა სტუდენტებთან და ეს არის
საერთო საუნივერსიტეტო საზოგადოების გადაწყვეტილება. უნივერსიტეტი
თავად განსაზღვრავს, რამდენად შეუძლია მოთხოვნების დაკმაყოფილება“, –
აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ გუშინდლიდან უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში
სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდა.
მასალის გამოყენების პირობები