განათლება
Რა ცვლილებებია გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის სასწავლო პროგრამაში
ქალაქ გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლაში გაძლიერდა ფიზიკა-მათემატიკური და STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულების საგნების სწავლება. Სკოლამ უკვე დაიწყო ახალი პროგრამის მიხედვით მუშაობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორს, ნინო ნონეშვილს ვესაუბრეთ.

„ბოლო წლებში სულ გვქონდა იმის განცდა, რომ სამეცნიერო საგნები, როგორიცაა მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, საბუნებისმეტყველო საგნები, ანუ იგივე STEM-ის საგნები, ბავშვებისთვის გახდა მეორეხარისხოვანი. მათ გაუჩნდათ წარმოდგენა, რომ საგნები, რომლებზეც დიდი ძალისხმევა სჭირდებათ და ერთულებათ, არ უნდა ისწავლონ, არ უნდა დახარჯონ ენერგია. სიბეჯითე, ძალისხმევა, რაც მოსწავლეებმა უნდა ჩადონ ამ საგნების შესწავლაში, ასე ვთქვათ, გაფერმკრთალდა. მოსწავლეებს აღარ აქვთ მათი სწავლის მოტივაცია და სურვილი.

მასწავლებლები სულ ვგრძნობდით ამას, ამიტომაც ყოველთვის გვინდოდა დამატებითი მეცადინეობებით, აქტივობების შეტანით გამოგვესწორებინა ეს პრობლემა. ბავშვებში მუდამ ისმის კითხვა, რატომ უნდა ისწავლონ ეს საგნები? რაში უნდა დასჭირდეთ „ეს საკითხი“ ფიზიკაში? ქიმიაში? მათემატიკაში? გვინდოდა აქტივობებს, რომელსაც შევიტანდით კლასებში, ეს პრობლემა გადაეჭრა. მოსწავლეებს გასჩენოდათ მოტივაცია. ბოლოს და ბოლოს, ტექნოლოგიების განვითარება და მომავლის მეცნიერება სწორად ამ საგნების შესწავლაზე დგას. აქედან გამომდინარე, ბოლო რამდენიმე წელი ამ პრობლემებზე ვმსჯელობდით და გადავწყვიტეთ, რომ მოცემული საგნების სწავლება გაგვეძლიერებინა,“-ამბობს ნინო ნონეშვილი.

ახალი გეგმის მიხედვით, ქალაქ გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლაში, მეშვიდე კლასის ზემოთ, მათემატიკასა და ფიზიკაში დამატებითი საათები დაემატა.

“მეშვიდე კლასში მოცემული პროგრამა, ყველა მოსწავლეს ეხება. ჩვენ არ გამოგვიყვია ცალკე ამ საგნებით დაინტერესებული მოსწავლეები. გაძლიერებული სწავლება, დამატებითი საათები, სულაც არ გულისხმობს იმას, რომ რომელიმე მათგანს გაუჭირდება პროგრამის დაძლევა. გაძლიერებული სწავლება არ ნიშნავს რაიმე განსაკუთრებულის, რთულის სწავლებას, რასაც ვერ დაძლევენ. უბრალოდ, ამ საგნებს მეტი დრო დაეთმობა,“-განმარტავს სკოლის დირექტორი.
ახალი პროგრამის დანერგვა საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით სონღულაშვილის, ინიციატივით განხორციელდა. არჩევანი N4 საჯარო სკოლაზე (გიმნაზიას) იმ არგუმენტით შეაჩერა, რომ მას ჰქონდა ძლიერი ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და მნიშვნელოვანი იყო ამ ტრადიციების აღდგენა.

“გურჯაანის გიმნაზიას ჰქონდა ძალიან ძლიერი ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, რომლითაც იყო ცნობილი. Ეს გახლდათ ბატონი ოთარ ჭილაშვილის დამსახურება და ეს სკოლა ყოველთვის გამოირჩეოდა ამ მიმართულებით. თუ სწორად მახსოვს, 2003-2004 წლებში სკოლებს გაუუქმეს პროფილები და, მათ შორის, მოხვდა გიმნაზიაც. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლები, ვისი წყალობითაც ასეთი სწავლება მიმდინარეობდა, ისევ გიმნაზიაში არიან. საჭირო იყო, რომ მათ ჰქონოდათ მოტივაცია, სკოლაში კვლავ გაძლიერებულიყო ეს მიმართულება. ამიტომაც "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის, ბატონ არჩილ გაჩეჩილაძის მხარდაჭერით, შევიმუშავეთ წახალისების პროგრამა. ამის საშუალებით გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ სრული დატვირთვით, როგორც იყო ხოლმე, ტრადიციულად, ამ სკოლისთვის დამახასიათებელი, გაეძლიერებინათ ეს მიმართულება.
პროგრამა STEM-ის საგნების გაძლიერებაზეა მიმართულიორიენტირებული. იგეგმება ასევეი STEM-ის ლაბორატორიების გაკეთება, რაც, თავიდან, მხოლოდ გურჯაანის მეოთხე სკოლაში იქნება. შემდეგ შევეცდებით, რომ ყველა დაინტერესებული სკოლა ჩავრთოთ ჩვენს პროგრამაში.

გურჯაანის გიმნაზიას აქვს ძალიან დიდი და ძლიერი ტრადიციები, ბატონი ოთარ ჭილაშვილის დამსახურებით, რომელიც ეს ტრადიციები, რაღაც მომენტში იყო დაკარგული. მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო ამ ტრადიციების აღდგენა, რადგან სკოლაში ამის ყველანაირი საფუძველი არსებობს.“-ამბობს დავით სონღულაშვილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მე-4 საჯარო სკოლაში ასევე ამოქმედდა საკვირაო სკოლა.

დირექტორი, ნინო ნონეშვილის თქმით, გაჩნდა ინიციატივა, რომ დაბალ კლასებშიც აწეულიყო ფიზიკა-მათემატიკის სწავლების დონე, ამიტომაც გაიხსნა საკვირაო სკოლა. სკოლას მსგავსი გამოცდილება ადრეც ჰქონია, საზაფხულო სკოლის სახით.

„ბავშვების შესარჩევი კონკურსი უკვე ჩავატარეთ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სკოლის მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეებმა. ახლა მიმდინარეობს საკონკურსო ნამუშევრების, ტესტების შემოწმება. უახლოეს დღეებში დავუკავშირდებით იმ მოსწავლეების მშობლებს, რომელთა შვილებმაც 50%-ით და მეტით გადალახეს ტესტირების ზღვარი,“ - გვეუბნება ნინო ნონეშვილი.

მისივე თქმით, საკვირაო სკოლაში პირველი გაკვეთილი ამ კვირის ბოლოს ჩატარდება.
| Print |
FaceBook Twitter Google