განათლება
რა შემთხვევაში ვერ მიიღებს აბიტურიენტი მაღალ ქულას უცხო ენის გამოცდაში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი, რუსუდან ტყემალაძე აბიტურიენტებს რეკომენდაციებს უზიარებს.

რუსუდან ტყემალაძე აბიტურიენტებს ურჩევს, რომ გამოცდებამდე დარჩენილი დრო გამოიყენონ და შეასრულონ ტესტური დავალებები ელექტრონულ ფორმატში. მისი თქმით, ეს აბიტურიენტებისთვის გამოცდის სიმულაცია იქნება.

„ეს განსხვავებულ უნარებს მოითხოვს, ვიდრე ამობეჭდილ ტესტებზე მუშაობა. ვურჩევ მათ[აბიტურიენტებს], შევიდნენ ჩვენს ვებგვერდზე (www.naec.ge) და მოძებნონ შარშანდელი ტესტები. სასურველია, დავალებები წაიკითხონ ეკრანზე და პასუხები ჩაინიშნონ ფურცელზე ან პასუხების ფურცლის ანალოგზე, რომელიც ასევე არის გამოქვეყნებული.

ამ დროს მათ უნდა გაითვალისწინონ საგამოცდო დროც. ეს იქნება გამოცდის სიმულაცია, რაც დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან გამოადგებათ.

ტესტის ჩაბარებისას ტექნიკური საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, თუ აბიტურიენტი ვერ ფლობს ტესტის ელექტრონულ ვერსიაზე მუშაობის ტექნიკას, ან წინასწარ არ არის მომზადებული პასუხების ფურცელზე პასუხების ჩასაწერად და თუ იგი საგამოცდო დროს ვერ აკონტროლებს, ცხადია, უშუალოდ გამოცდაზე მას ამ ყველაფრის გათვალისწინება გაუჭირდება.

რაც შეეხება, ტესტის შინაარსობრივ მხარეს, ამ მხრივ მათ ვარჯიში უნდა გააგრძელონ და მიაქციონ ყურადღება ყველა იმ რეკომენდაციას, რომლებიც ჩვენს კრებულშია მოცემული,“ - ამბობს რუსუდან ტყემალაძე.

მისივე თქმით, აბიტურიენტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე.
„ მაგალითად, მე-5 და მე-6 დავალებების შესრულების დროს, სადაც გამოტოვებულ ადგილებში სიტყვებია ჩასასმელი, ჯერ კარგად უნდა გაეცნონ ტექსტის შინაარსს, გაიგონ ზოგადი კონტექსტი და მერე შეასრულონ დავალება; არ დაუშვან მართლწერის შეცდომები, რადგან მე-6 დავალების შესრულებისას, როდესაც მათ გამოტოვებულ ადგილას მხოლოდ ერთი სიტყვა უნდა ჩასვან, მართლწერის შეცდომა შეცდომად ჩაითვლება.

წერილის წერის დროს (დავალება 7) კი, ვურჩევთ, ყურადღება მიაქციონ იმას, რამდენად გრამატიკულად და ლექსიკურად სწორად იქნება წინადადებები ჩამოყალიბებული. თემის წერისას აბიტურიენტებს ვთხოვთ, რომ ჯერ კარგად გაიაზრონ დავალების მოთხოვნა და ისე დაიწყონ წერა. გამოხატონ პირადი პოზიცია მოცემული თემის გარშემო და გაამყარონ თავიანთი პოზიცია არგუმენტებით.

ფრაზებისა და კონკრეტული სტრუქტურების გამოყენება (ხშირად აბიტურიენტები ასეთ ფრაზებს იზეპირებენ) კარგია იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოყენებულია საკუთარ კონტექსტში და მიზნობრივად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაწერი ძალიან ზოგადი და კონკრეტიკას მოკლებული გამოდის, რაც ცუდია,“ - ამბობს რუსუდან ტყემალაძე.

ტყემალაძის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აბიტურიენტის ნაწერი უშეცდომოა, მაგრამ მეტად მარტივი ლექსიკითაა დაწერილი, მაღალი ქულა არ დაიწერება, რადგანაც გამოცდაზე მოთხოვნის დონე უცხო ენაში B1 -ია.
| Print |
FaceBook Twitter Google