განათლება
რატომ დაჯარიმდა „ევროპის უნივერსიტეტი“ 15 000 ლარით
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „ევროპის უნივერსიტეტი“ 15 000 ლარით დააჯარიმა. როგორც დგინდება, მიზეზი უნივერსიტეტის მხრიდან კონცენტრაციის (კომპანიების გაერთიანების) შეუტყობინებლობაა.

კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, რომ „ევროპის უნივერსიტეტმა“ აპრილში „ჯო უნის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ შეიძინა, რის შემდეგაც, კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისად, უნივერსიტეტი ვალდებული იყო სააგენტოსთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა.
ჯარიმის გარდა, უნივერსიტეტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაევალა, რომ სააგენტოში შეტყობინება წარადგინოს.

„კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია.

სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე, ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში, კომპანიები მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით დაჯარიმდებიან. კონცენტრაციის შეფასების საფასური 5000 ლარით არის განსაზღვრული“, - აცხადებენ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.

ცნობისთვის, 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 4221 კონცენტრაცია. კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, რომ 2022 წლის იანვარ-მაისში თანხმობა 2 კონცენტრაციაზე გასცეს. ერთი საკითხი სამედიცინო სექტორში მოქმედი ეკონომიკური აგენტების გაერთიანებას ეხებოდა, მეორე კი - სამშენებლო სექტორს.
| Print |
FaceBook Twitter Google