განათლება
გამოსაცდელთა სააპელაციო განაცხადების მიღება დღეს 18:00 საათზე შეწყდება
დღეს, 10 აგვისტოს, აბიტურიენტებისა და საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის სააპელაციო განაცხადის შევსებისა და მისი გადაგზავნისთვის ბოლო დღეა. გამოსაცდელებს დრო 18:00 საათამდე აქვთ.

სააპელაციო განაცხადების მიღების პროცესი ორშაბათს, 8 აგვისტოს დაიწყო. გამოსაცდელებს, რომლებსაც საკუთარი შედეგის გასაჩივრება სურთ, განაცხადი უნდა შეავსონ მითითებულ ბმულზე.

მათ შეუძლიათ კონკრეტულ ტესტში აირჩიონ ერთი კონკრეტული ან რამდენიმე საკითხი, რომელიც, მათი აზრით, სათანადოდ არ არის შემოწმებული.

შეგახსენებთ, რომ გამოსაცდელმა ჯერ უნდა გადაიხადოს აპელაციის ღირებულება, 50 ლარი  და ამის შემდეგ შეძლებს შეავსოს სააპელაციო განაცხადი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აღნიშნავს, რომ განაცხადის გაგზავნა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი და გაგზავნის შემდეგ აბიტურიენტი მასში ცვლილებებს ვეღარ შეიტანს. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი გადაგზავნილია და აბიტურიენტს სურს, დაამატოს დავალება ან სხვა საგანი, ხდება განაცხადის წერილობით გაუქმება. ამისთვის მან წერილობით უნდა მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (მის: ე. მინდელის ქ. N9, რეგიონებში კი - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში), რის შემდეგაც გამოსაცდელს მიეცემა უფლება, შეიტანოს ახალი სააპელაციო განაცხადი დადგენილ ვადებში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აბიტურიენტს, რომელიც 10 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა დაუბრუნდება. ასევე თანხა სრულად ბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების (დაკლების ან მომატების) შემთხვევაშიც.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

საინფორმაციო სააგენტო SPEQTRI.GE კიდევ ერთხელ უსურვებს წარმატებას ყველა გამოსაცდელს.
| Print |
FaceBook Twitter Google