განათლება
ბათუმის მე-20 საჯარო სკოლას 900-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე ეყოლება
ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულ სექტორზე 900-მდე უკრაინელი მოსწავლეა რეგისტრირებული. სკოლის დირექტორის, თეა დავითაძის თქმით, ეს რიცხვი სწავლის დაწყებამდე შესაძლოა კიდევ შეიცვალოს.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.

როგორც სკოლის დირექტორი „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნავს, გაზაფხულამდე უკრაინელი მოსწავლეები 1-4 კლასის ჩათვლით ჰყავდათ, ამ დროისთვის კი 1-11 კლასის ჩათვლით სულ 26 პარალელური კლასია უკრაინულ სექტორზე.

თეა დავითაძის თქმით, უკრაინელ ბავშვებთან სამუშაოდ საკმარისი რაოდენობის უკრაინულენოვანი პედაგოგებიც აიყვანეს.

„სამინისტროსთან შეთანხმებით, ერთობლივად შევარჩიეთ პედაგოგები შესაბამისი კვალიფიკაციით, რომელთაც ჰქონდათ პრაქტიკული გამოცდილება და დიპლომიც შესაბამისი საგნობრივი მიმართულებით. პედაგოგი ყველა უკრაინელია, რადგან სწავლება მიმდინარეობს უკრაინულ ენაზე“, – ამბობს დირექტორი.

იგი ასევე ამბობს, რომ უკრაინელი ბავშვები პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით ქართულ ენასა და ლიტერატურასაც შეისწავლიან, რისთვისაც დამატებით ორი პედაგოგი აიყვანეს.

თეა დავითაძე განმარტავს, რომ ყველა კლასში არის თითოეული საგნის მასწავლებელი, თუმცა მათ ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს, რადგან მათი რიცხვი შესაძლოა კიდევ შეიცვალოს.

„დღეს არის გასაუბრების ბოლო ეტაპი, სულ 25 კლასია, გვჭირდება 25-ზე მეტი მასწავლებელი“.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სახელომწიფო აღნიშნულ სკოლას ვაუჩერულ დაფინანსებასაც გაუზრდის, მოსწავლეთა კონტინგენტის გაზრდის შესაბამისად.

უკრაინულ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, თეა დავითაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკება განათლების სამინისტროსთან, თუმცა დეტალები დაუზუსტებელია.

სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ უკრაინელი პირველკლასელები, ისევე როგორც ქართველი პირველკლასელები კომპიუტერებს მიიღებენ.

ცნობისთვის, აპრილის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ქვეყანა 5 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. საქართველოში ამ დროისთვის, 14 ათასზე მეტი უკრაინის მოქალაქე იმყოფება.














| Print |
FaceBook Twitter Google