განათლება
ერთი წუთით ჩემს მასწავლებელს - როგორ ეხმაურებიან გურჯაანში მოსწავლეები მასწავლებლის დღეს
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეები მასწავლებლებისადმი თავიანთ გულწრფელ დამოკიდებულებას 1 წუთიანი ვიდეოს სახით გამოხატავენ. ინიციატივა გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ეკუთვნის.

„მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, დაგეგმილი აქტივობებიდან ერთ-ერთი არის ეს ვიდეოების სერია -,,ერთი წუთით ჩემს მასწავლებელს/მასწავლებლებს". პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით ნებისმიერ ბავშვს და ნებისმიერ სკოლას შეეძლო გაეკეთებინა ვიდეორგოლი. სკოლებმა ჩაწერეს და ნაწილი უკვე განთავსებულია ჩვენს ფეისბუქ გვერდზე,“-ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი.

მისივე თქმით, ამ აქტივობის მიზანი იყო, დადებითი ემოციების გაჩენა სკოლას, საზოგადოებასა და მოსწავლეებს შორის და ასევე ის, რომ კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ მასწავლებლების როლი.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს გულწრფელად გამოეხატათ თავიანთი დადებითი დამოკიდებულება მასწავლებელების მიმართ და გაეზიარებინათ საზოგადოებისთვის, რადგან ჩვენ თუ ერთად არ ვართ მოსწავლე, მასწავლებელი და საზოგადოება, სამომავლო პერსპექტივებზე ლაპარაკი შეუძლებელია,“ - ამბობს დალი მინდიაშვილი.

ცნობისთვის, მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს იღებს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან და მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. როგორც დამფუძნებლები განმარტავენ, ამ დღის დაწესება მიზნად ისახავს მასწავლებლების მხარდაჭერას.




| Print |
FaceBook Twitter Google