ჯანდაცვა
ორ წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები კვებით დანამატს უფასოდ მიიღებენ
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, 6 თვიდან 23 თვემდე სოციალურად დაუცველი 13 ათასამდე ბავშვი 15-კომპონენტიან ვიტამინებისა და მინერალების კვებით დანამატს უფასოდ მიიღებს.
„ჩვენ სულ მალე, რამდენიმე კვირაში დავიწყებთ ექვსი თვიდან 23 თვემდე ბავშვებისთვის სპეციალური 15-კომპონენტიანი მინერალებისა და ვიტამინების შემცველობის, კვებითი დანამატების დარიგებას. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ამას მთავრობა, რა თქმა უნდა, უფასოდ დაარიგებს. ეს იქნება მთელი რიგი დაავადებების პრევენცია და ბავშვის სწორი განვითარების ხელშეწყობა. ცოტა ხნის წინ ჩვენ დავიწყეთ ორსულებში ფოლიუმის მჟავისა და რკინის პრეპარატების დარიგება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ბავშვის სწორი განვითარებისთვის და დაავადებათა პრევენციისთვის. აღნიშნული პროდუქტი არ არის მაღალი საბაზრო ღირებულების, ამ ასაკობრივ ჭრილში 13 ათასი სოციალურად დაუცველი ბავშვია. უკლებლივ ყველა მათგანს 15-კომპონენტიანი ვიტამინებისა და მინერალების კვებითი დანამატი უფასოდ დაურიგდება, დანარჩენებს კი აფთიაქებში შეძენა შეუძლიათ. საბაზრო ღირებულება შემოსავლის მქონე არც ერთ ოჯახს არ დააწვება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.


| Print |
FaceBook Twitter Google