ჯანდაცვა
უკონტროლო ფასები მედიკამენტებზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის მოსახლეობა მედიკამენტების სიძვირეზე საუბრობს და ამბობს, რომ პრობლემა მუდმივად არსებობს, მისი გადაჭრის გზა კი ჯერჯერობით არ ჩანს.
სოფელ მუღანლოს მკვიდრმა 49 წლის ალან თალიბოვმა ცოტა ხნის წინ ხერხემალზე ოპერაცია გაიკეთა, აქვს მხედველობის პრობლემაც. ამბობს, რომ მუდმივი მკურნალობა ესაჭიროება, თუმცა მედიკამენტებს მაღალი ფასის გამო ვერ ყიდულობს. ფიზიკურად მუშაობა არ შეუძლია, მისი ერთადერთი შემოსავალი 100 ლარია, რომელსაც ჯანმრთელობის მდოგომარეობის გათვალისწინებით პენსიის სახით იღებს.

როგორც ალანი ამბობს, სოფელში წამლები გაცილებით ძვირია, ვიდრე რაიონულ ცენტრში, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ არც სხვა სააფთიაქო ქსელშია მისაღები ფასი.
-„თუ რამე მჭირდება, ლამბალოსა და ქეშალოს აფთიაქში ვყიდულობ, მაგრამ წამლები ძალიან ძვირია. საგარეჯოში აფთიაქების მეტი არჩევანია, ფასებიც განსხვავებულია, ამიტომ ვკითხულობ და სადაც შედარებით იაფია, იქ მივდივარ.“

მედიკამენტების სიძვირესა და განსხვავებულ ფასებზე საუბრობენ სოფელ კაზლარის მცხოვრებლებიც. ჯაჰან მამედოვს გული აწუხებს და ამიტომ მუდმივად მკურნალობის ქვეშ იმყოფება.
-„ჰაერის უკმარისობა მაქვს და ღამეს ძლივს ვათენებ. წამალი მუდმივად მჭირდება. სიძვირის გამო ჩემი პენსია მათ საყიდლად არც მყოფნის. დიდი ოჯახი მაქვს და ახლა კიდევ ეს პრობლემაც დამემატა. სოფელში აფთიაქი არ გვაქვს, აქედან საგარეჯოში წასვლასაც ხომ ფული სჭირდება? ფასდაკლების ბარათებით კი ვსარგებლობ, მაგრამ წამალი მაინც დიდი თანხა გვიჯდება. მთავრობამ აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ფასები დაარეგულიროს. ხალხი ისედაც გაჭირვებულია და ამით კიდევ პრობლემას უმატებენ.“

"სპექტრი" დაინტერესდა და რამდენიმე სააფთიაქო ქსელში იმ წამლის ფასი გადაამოწმა, რომელიც ასეთი პაციენტებისთვის აუცილებელია.
პრეპარატ პუროქსანის ღირებულება, რომელიც ბრონქული ასთმის მკურნალობისთვისაა განსაზღვრული და ურეცეპტოდ გაიცემა, ოთხ აფთიაქში რადიკალურად განსხვავებულია. ერთი ტაბლეტის მინიმალური ფასია 1,37 ლარი და მაქსიმალური - 1.80 ლარი.
ჯაჰან მამედოვი ამ ჯგუფის პრეპარატს რეგულარულად სვამს. ამის გარდა, მას საგულე საშუალებებიც სჭირდება, რისი შეძენაც მისი ოჯახისთვის არცთუ ისე ადვილია.

მეორე პრობლემა, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს, ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში, ექიმები პაციენტებს უწერენ იმ მედიკამენტებს, რომლის დისტრიბუტორებთანაც გარკვეული ტიპის ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული.

იმის გასარკვევად, არსებობს თუ არა სახელმწიფოში სამსახური, რომელიც წამლის ფასზე კონტროლს განახორციელებს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დავუკავშირდით. როგორც მათ განმარტეს, ეს წამლის სააგენტოს პრეროგატივაა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ფასზე კონტროლი არც მათ ეხებათ. წამლის სააგენტოში განმარტეს, რომ მათი კომპეტენცია მხოლოდ მედიკამენტების ხარისხის კონტროლია.

სტრუქტურა ფორმირებასა და დამატებით კონტროლს რომ საჭიროებს, ამაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საუბრობენ.
-„საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს დადებული და გრძელვადიან პერსპექტივაში, ალბათ, აპირებს, წევრიც გახდეს. აქედან გამომდინარე, თუ ევროკავშირში გაერთიანებულ ქვეყნებს ავიღებთ, წამლის ფასი ამა თუ იმ ფორმით ყველგან კონტროლდება. ზოგადად, რეგულაციას ის ფუნქცია გააჩნია, რომ ხარვეზები, რომელიც ბაზარს აქვს, როგორმე გამოასწოროს. წამლის ფასის კონტროლი მუდმივად უნდა ხდებოდეს, რადგან ფარმაცევტული კომპანიები საკმაოდ დიდ მოგებას იღებენ. ზოგადად, ჯანდაცვაში ძალიან დიდი პრობლემებია. უნდა არსებობდეს სახელმწიფო უწყება, რომელიც სტრატეგიის შემუშავებაზე იზრუნებს. სხვანაირად, თავისი სურვილით, ფასებს ფარმაცევტული კომპანიები ვერ დაარეგულირებენ. თუმცა, ზოგჯერ სტრატეგიაც მუშავდება, მაგრამ მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი არავინაა. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, არაფერი შეიცვლება.“-აღნიშნა ჩვენთან საუბარში ჭელფარე Fოუნდატიონ- ის აღმასრულებელმა დირექტორმა სიმონ გაბრიჩიძემ.

მისივე თქმით, კონტროლი უნდა ხდებოდეს მედიკამენტების რაციონალურად გამოყენების კუთხითაც.
-„ჯანდაცვაზე საერთო დანახარჯების საკმაოდ მაღალი -45 % პროცენტი მოდის მედიკამენტებზე, რაც სხვა ქვეყნებში იშვიათია. ეს პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ ამ სფეროში რეგულაციები მოუწესრიგებელია. ძალიან ძლიერია ფარმაცევტული კომპანიების ზეგავლენა, როგორც ექიმებზე, ასევე აგრესიული მარკეტინგიდან გამომდინარე, მოსახლეობაზეც. მარტო მაღალი ფასი კი არა, ხშირად პრობლემაა ისიც, რომ ექიმი პაციენტს საჭიროზე მეტ მედიკამენტს უწერს, რადგან მას ფინანსური მოტივაცია აქვს. ასეთი პრაქტიკა ფართოდაა გავრცელებული საქართველოში. ფარმაცევტული კომპანიები ძლიერ ზეგავლენას ახდენენ ექიმებზე, რაც ხელს უწყობს მედიკამენტების არარაციონალურად გამოყენებას მოსახლეობაში.
დღევანდელ პერიოდში ადამიანს ვერ წარმოუდგენია იყოს ჯანმრთელად ისე, რომ მედიკამენტები არ მოიხმაროს. ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტი მიიჩნევს, რომ ექიმის მიერ დანიშნული წამლები ცოტაა და ვერ განიკურნება. ამ კუთხითაც საჭიროა ადამიანის ცნობიერების ამაღლება. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გაგვიჭირდება სასურველი შედეგის მიღწევა.“

ექიმების გარიგებას ფარმაცევტულ კომპანიებთან უარყოფს, მუღანლოს ამბულატორიის მენეჯერი, ოჯახის ექიმი ბაშირ მახმუდოვი. ის დაწესებულებაში ასეთი ფაქტების არსებობას გამორიცხავს და ამბობს, რომ მსგავსი ხელშეკრულება არავისთან აქვს გაფორმებული. თუმცა აღნიშნავს, რომ დისტრიბუტორები მათ ამბულატორიას ხშირად აკითხავენ.
-„ეს არასწორი მიდგომაა. მე, პირადად, ასეთ რამეს არასოდეს ვიკადრებ. ჩემთვის დიდი სირცხვილია, რომ ვინმეს წამალი დავუწერო და მერე მე იქიდან ფული ავიღო. სხვაგან რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან ასეთი რამ არ არის. კომპანიის წარმომადგენლები ჩვენს ამბულატორიაში ხშირად დადიან, მაგრამ იციან ჩემი პოზიცია და არ მაკითხავენ. სხვა ექიმები რას აკეთებენ, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ.“-აღნიშნა მან.

მედიკამენტების ფასების სხვაობაზე საუბრობენ აფთიაქის მფლობელებიც და ამბობენ, რომ ვერანაირი უწყება ფასების დარეგულირებას ვერ შეძლებს.
„ავერსი, პსპ, ესენი არიან კერძო კომპანიები, რომლებიც თვითონ ამზადებენ წამალს და შეაქვთ ბაზარზე გასაყიდად. ამიტომ თვითონვე ადებენ იმ ფასს, რაც უღირთ. როდესაც სხვა კომპანია ყიდულობს მათგან მედიკამენტს, რა თქმა უნდა, ფასს თვითონაც უმატებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ფასების რეგულაცია ძნელი იქნება. ზოგადად, არ მგონია, რომ რომელიმე უწყებამ თავი მოაბას ამ ყველაფერს.“

"ავერსში" აცხადებენ, რომ წამლებზე დარიცხვა არის მინიმალური, რაც განპირობებულია მძაფრი კონკურენციით და ლარის ინფლაციით.
- "ამაზე ნაკლები ფასებით მუშაობა შეუძლებელია. ვინც ჩახედულია ამ სფეროში, ეს კარგად იცის. უწყების შექმნასთან დაკავშირებით კი, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს,“ - გვითხრა "ავერსის" პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლალი ბრეგვაძემ.
აღნიშნულ საკითხზე "სპექტრი" პსპ-საც დაუკავშირდა, თუმცა, მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

მარინა ბეროშვილი





სტატიის აზერბაიჯანული ვერსია
| Print |
FaceBook Twitter Google