ჯანდაცვა
ვინ შეძლებს მედიკამენტების ყიდვას ერთ ლარად
ზაფხულიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 500-დან 600 ათასამდე სოციალურად დაუცველი და მარტოხელა პენსიონერი, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს თვეში 1 ლარად შეიძენენ.

ამის შესახებ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის არის ამბულატორულ მედიკამენტებზე წვდომა. ეს ეხება მედიკამენტებს, რომლებიც ადამიანებმა ხანგრძლივად ან მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიღონ სამედიცინო დაწესებულების გარეთ. ძალიან მალე ავამოქმედებთ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამას, რომელიც მოიცავს პირველ ეტაპზე, 4-5 ძირითადი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიწოდებას.
რაც შეეხება პროგრამის ბიუჯეტს, ეს კონკურსის ბოლოს გახდება ცნობილი, მაგრამ, პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ეს იქნება 5 მილიონი ლარის ფარგლებში. დიდი იმედი მაქვს პროგრამა ზაფხულის დასაწყისიდან ამოქმედდება.თუ სოციალურად დაუცველი პენსიონერი თვეში 25-30 ლარის ღირებულების მიდიკამენტების შესყიდვას საჭიროებდა, მათ ეს სიმბოლური თანაგადახდით, მაქსიმუმ თვეში 1 ლარი დაუჯდებათ. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, ეს იქნება სახელმწიფო პროგრამა, რომელიც იმუშავებს წლების განმავლობაში", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, 30 დასახელების მედიკამენტებს შორისაა, გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემების (მაღალი წნევა, გულის უკმარისობა, კორონალული სისხლძარღვების დაავადება), ენდოკრინოლოგიური დაავადებების (დიაბეტის მეორე ტიპი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები) და ბრონქიალური ასთმისა და ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადების სამკურნალო წამლები.

| Print |
FaceBook Twitter Google