ჯანდაცვა
კორონავირუსის კლინიკური ნიშნები 10 წლის მოზარდის მშობელსაც აქვს - მარინა ეზუგბაია
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა - 130. მათ შორის არის 10 წლის მოზარდი, რომელიც ბათუმიდან გუშინ გადაიყვანეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.

„შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე. დღეს ჩატარდება გაფართოეული კვლევები და ამის საფუძველზე შეფასდება მისი საერთო მდგომარეობა.“

მარინა ეზუგბაიას თქმით, კოვიდ 19 სავარაუდოდ, მოზარდის მშობელსაც დაუდასტურდება.

„იცით, რომ გუშინ შემოვიდა 10 წლის ბავშვი მშობელთან ერთად. ბავშვს დადგენილი აქვს კორონავირუსი, მშობელს დადასტურებული არ აქვს, მაგრამ უკვე მასაც აღენიშნება კლინიკა, ასე რომ, დაუდასტურდება.“

ინფექციურ საავადმყოფოში 5 მძიმე პაციენტია, მათგან 2 კვლავ კრიტიკულია. „სამთან უკვე მეორე დღეა დასტაბილიზირებულია მდგომარეობა. თუ დღესაც ასე გაგრძელდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეტ-ნაკლებად ალბათ გადაილახა მათი მდგომარეობა და პროგნოზი და გამოჯანმრთელება შორს აღარ იქნება.“

მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს კიდევ სამი პაციენტის გაწერას ელოდებიან.

ამ დროისთვის უკვე გამოჯანმრთელებულია 26 პაციენტი.


| Print |
FaceBook Twitter Google