ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 156 შემთხვევაა
საქართველოში 4 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის 156 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 28 გამოჯანმრთელებულია.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, მათ კლინიკაში ამ დროისთვის 39 პაციენტია. დღეს ტესტირება კიდევ 11 პაციენტს ჩაუტარდება.

„ჩვენს პაციენტებთან მდგომარეობა გარკვეულწილად დასტაბილურებულია. ახლა გვყავს მხოლოდ 1 კრიტიკული პაციენტი, 4 - მძიმე, რომლებიც ინტრენსიური მეთვალყურეობასა და მკურნალობას საჭიროებენ. რამდენიმე დღის განმავლობაში, შეიძლება მათი მდგომარეობაც დასტაბილურდეს და უკვე პროგნოზირება შესაძლებელი იქნება, რომ მათი გამოჯანმრთელებაც დადგება.“

მთავრობის მიერ სპეციალურად კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილი საიტის, stopcov.ge-ს ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში - 5526 პირია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 344.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საყოველთაო კარანტინი მოქმედებს, ასევე ქვეყნის მასშტაბით დაწესებულია საკომენდანტო საათი.

საქართველოში შეიქმნა უფასო ცხელი ხაზი 144. დარეკვის შემთხვევაში მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე უპასუხებენ.



| Print |
FaceBook Twitter Google