ჯანდაცვა
ჩაიკეტება თუ არა ყვარელი, საღამოს გახდება ცნობილი
კახეთში ინფიცირებული 50 წლამდე ასაკის ექიმი თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე კახეთის გუბერნატორმა განაცხადა.

,,1 მაისს კახეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაიწყო PCR ტესტირებები, მოწყვლადი ჯგუფების, პირველ რიგში კი, ექიმების კვლევა. ტესტირების შედეგად ყვარელში 1 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი, რომელიც უკვე გადაყვანილია თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში. ადგილობრივი შტაბი დილიდან შეკრებილია, ეპიდემიოლოგები კი მუშაობენ ყველა კონტაქტის დადგენაზე. დაინფიცირებული ქალბატონი, ევექსში იყო ექიმი და ასევე მუშაობდა სასწრაფო დახმარების სამსახურიში. მოძიებულია ოჯახის წევრების კონტაქტებიც. დაახლოებით ერთ საათში უკვე დავიწყებთ ყველა ამ მოძიებული კონტაქტის სწრაფი ტესტებით გამოკვლევას.

დაზუსტებით ძნელია თქმა ვინ არის წყარო. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ციფრს სჭირდება გადამოწმება. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ექიმი 60 პაციენტთან იმყოფებოდა გამოძახებაზე რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გაცილებით ნაკლებ პაციენტთან არის ნამყოფი, ყველა გამოძახებაზე გასვლა დათვლილია, ვიცით ასევე ყველა თანამშრომელი.

იმ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნული შემთხვევის გამო რისკ ჯგუფში არიან, გადავიყვანთ კარანტინში, მზად გვაქვს უკვე კარანტინის სივრცე. დაცული იქნება მკაცრი თვითიზოლაცია. ქალაქის ან რომელიმე სეგმენტის ჩაკეტვაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა

გუბერნატორის თქმით, ჩაიკეტება თუ არა ყვარლის მუნიციპალიტეტი ან რა დამატებითი რეგულაციების გატარება იქნება საჭირო, ეს საღამოს სწრაფი ტესტირების პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი.
| Print |
FaceBook Twitter Google