ჯანდაცვა
ყვარელში ინფიცირებულ ექიმთან კონტაქტში მყოფ პირებს კოვიდ 19 არ დაუდასტურდათ
ყვარელში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმთან კონტაქტში მყოფი 147 პიორია გამოვლენილი, რომელთა ტესტირებაც მიმდინარეობს. ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„გუშინვე მოხდა შესწავლა ყველა იმ კონტაქტის, რომელიც ამ ქალბატონს გააჩნდა. ის მუშაობს სასწრაფოში, აგრეთვე „ევექსის“ კლინიკაში. ყველა კონტაქტი იქნა მოძიებული, მათ შორის პაციენტები, ოჯახის წევრები, ექიმები. გუშინვე ჩაუტარდა ყველას სწრაფი ტესტი და მათ შორის, ზოგ შემთხვევაში ხელახლა იქნა აღებული PCR ტესტები და გადაიგზავნა ლუგარში. ყველას პასუხი არის უარყოფითი. ეპიდემიოლოგებთან ერთად ვაგრძელებთ კვლევას, საიდან შეიძლება ყოფილიყო წყარო ამ ქალბატონის დაინფიცირების,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს დილის ინფორმაციით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ანუ ძველი დაინფიცირებული პაციენტი რჩება დადებითი პასუხით.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით,

მოძიებულია როგორც ძალიან ახლო, ისე ყველა შესაძლებელი კონტაქტი. მათგან 62-ს PCR კვლევით უარყოფითი პასუხები დაუდასტურდა. დანარჩენი კონტაქტების ტესტირება ამჟამადაც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა კახეთში გუშინ გამოვლინდა. პირველი დაინფიცირებული ყვარლის სასწრაფო-სამედიცინო მომსახურების და ევექსის ექიმია.

| Print |
FaceBook Twitter Google