ჯანდაცვა
ყვარელში ინფიცირებული ექიმთან კონტაქტში მყოფ პირებს განმეორებით გამოიკვლევენ
ყვარელში ინფიცირებულ ექიმთან უშუალო კონტაქტში მყოფ მოქალაქეებს პრევენციის მიზნით, კოვიდ 19-ზე პირველი ტესტირების ჩატარებიდან დაახლოებით 4-5 დღეში განმეორებით გამოიკვლევენ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.


„დანარჩენ კონტაქტებს კი გამოკვლევა არ სჭირდება, თუ არ გამოუვლინდებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი. ამ ეტაპზე ინფიცირებული ექიმის 147 კონტაქტია გამოკვლეული, საიდანაც 102 მოქალაქეს უკვე ჩაუტარდა ტესტირება PCR მეთოდით. ყველა მათგანის შედეგი ნეგატიურია", - აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ კახეთში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა 2 მაისს დაფიქსირდა. ვირუსი 50 წლამდე ასაკის ქალს დაუდასტურდა, რომელიც სასწრაფო დახმარების, ასევე ევექსის კლინიკის ექიმია.

ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის დაუდგენელია ინფიცირების წყარო.
| Print |
FaceBook Twitter Google